LIVE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, პარტნიორობის ფორუმი 2022 გაიმართა

02 დეკ 202218:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 280
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, პარტნიორობის ფორუმი 2022 გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, „პარტნიორობის ფორუმი 2022“ გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დევიდ ჰოფმანმა გახსნეს.

სალომე ზურაბიშვილმა ფორუმში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავს, რომ დავაახლოოთ ბიზნეს სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება და მხარი დავუჭიროთ მათ ერთობლივ პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს, მათ შორის, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის
თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

„USAID მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან. ეს არის ის პარტნიორობა, რომელიც, იმედი გვაქვს, მომავალში მეტად გაღრმავდება და გაფართოვდება. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, 20 პარტნიორობა შედგა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ფორუმის შედეგად, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“,- განაცხადა დევიდ ჰოფმანმა.

ფორუმის ფარგლებში, საკუთარი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციები სამოქალაქო საზოგადოების ხუთმა ორგანიზაციამ წარადგინა.

  • „ორბელიანი საქართველო“ 
  • „ჩართე“
  • Dopomoga Ukraini
  • „სუპერგმირი“
  • საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.

ღონისძიების მეორე ნაწილი კი ნეთვორქინგს და იდეების წარდგენის სივრცეებს დაეთმო. ღონისძიების მთავარმა პარტნიორმა კომპანიებმა – Liberty Bank, BIM Cube, CSD Consulting, RMG და Combined Ratio Solutions, წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების მოკლე პრეზენტაციებს ინდივიდუალურად მოუსმინეს და გამარჯვებულები ადგილზე შეარჩიეს.

  •  „ლიბერთი ბანკმა“ დააფინანსა „ორბელიანი საქართველო“, „ჩართე“, „კომლი“ და „მაკ ჯორჯია“;
  • CSD Consulting-მა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია;
  • BIM Cube-მა – ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  • RMG-მ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ და ასოციაცია „ბავშვთა სოფელი“
  • Combined Ratio Solutions-მა „მთიელი წიგნები“ და „სუპერგმირი“

პარტნიორობის ფორუმში მონაწილეობა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და 30-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო.

აღნიშნული ღონისძიებით, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი “Giving Tuesday”-ს გლობალურ კამპანიას შეუერთდა.