„გალტ & თაგარტში“ ელიან, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია ერთნიშნა ნიშნულამდე შემცირდება.
ანალიტიკურ ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ დეკემბერში ფასების ზრდის საერთო დონე 9.2%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ინფლაციის უფრო მკვეთრი შემცირება 2023 წლის დასაწყისიდან დაფიქსირდება.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „გალტ & თაგარტის“ ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განუცხადა, კლების ერთ-ერთი მიზეზი საბაზისო ეფექტიც იქნება, რადგან როგორც 2021 წლის ბოლოს, ასევე მიმდინარე წლის დასაწყისში ყველაზე მაღალი, 13.9%-იანი ინფლაცია ფიქსირდებოდა.
ორგანიზაციაში ელიან, რომ 2023 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 4.9%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო მომავალი წლის ბოლოსთვის ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.
„ველოდებით, რომ დეკემბერში ერთნიშნა ინფლაცია დაფიქსირდება, რადგან მიწოდების ფაქტორებიდან ინფლაციაზე ზეწოლის შენელება ფიქსირდება. საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის და ნავთობპროდუქტების ფასები მცირდება, ასევე ტრანსპორტირება და გადაზიდვებიც გაიაფებულია. რაც შეეხება მოთხოვნის ფაქტორებს, მიმდინარე წელს ინფლაციაზე მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება. თუმცა უკვე მომავალი წლიდან ეს ფაქტორი შედარებით განეიტრალდება, რადგან მათ შორის, დაგეგმილია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ნაკლები იქნება და ნაკლები ხარჯვაც იქნება ამ მიმართულებით. ამასთან, ეროვნულ ბანკს გაცხადებული აქვს, რომ უახლოეს ხანებში მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ დონეზე შეინარჩუნებს, ლარიც შედარებით გამყარებულია და ეს ყველაფერი უნდა დაეხმაროს ინფლაციას შემცირებაში. თუმცა საგულისხმოა, რომ დეკემბერსა და ასევე მომავალი წლის იანვარში ინფლაციის შემცირება საბაზისო ეფექტითაც იქნება განპირობებული, რადგან 2021 წლის ბოლოს და ასევე 2022 წლის იანვარში საკმაოდ მაღალი, 13.9%-იანი ინფლაცია ფიქსირდებოდა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.4% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.
ამასთან, ეროვნულ ბანკში ელიან, რომ ინფლაცია კლებას 2023 წლის თებერვლიდან დაიწყებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ელის. კობა გვენეტაძის განმარტებით, წლის ბოლო სხდომაზე, 21 დეკემბერს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მინიმუმ არსებულ, 11%-ზე შენარჩუნდება.