LIVE

ევროკავშირის ქვეყნები ნავთობზე ზედა ზღვრის $60-მდე დაწევას განიხილავენ

01 დეკ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 472
ევროკავშირის ქვეყნები ნავთობზე ზედა ზღვრის $60-მდე დაწევას განიხილავენ

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნედლი ნავთობის ფასის ზედა ზღვრად $60-ის დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ Bloomberg საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს. 

რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა, რადგან პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა მოითხოვეს ფასი, რომელიც უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს რუსეთზე. მათი მტკიცებით, შეთავაზებული წინადადება, რომელიც ბარელზე $62-ის განსაზღვრას ითვალისწინებს, საკმარისად მკაცრი არ არის. ფასის კიდევ უფრო აწევა მოითხოვა საბერძნეთმა. 

უცნობია, ახლა ქვეყნები თანხმდებიან თუ არა $60-ზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, საკითხზე დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქვეყნების ნაწილისთვის ეს ფასი შესაძლოა მისაღები იყოს სხვა პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად. 

$60-იანი ფასის ზღვარი ჯერჯერობით ოფიციალურად განსახილველი ფასი არ არის. ევროკავშირის ელჩები ყოველკვირეულ შეხვედრაზე გუშინ შეიკრიბნენ, მაგრამ ეს ფასი ოფიციალური დღის წესრიგში არ ყოფილა. 

ევროკავშირის დონეზე ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფოსა და ასევე G-7-ის ქვეყნების მხარდაჭერას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, $60 G-7-ის დიაპაზონში ჯდება.

ფასზე ზედა ზღვრის დაწესების მიზანია ქვეყნებმა შეინარჩუნონ რუსული ნავთობის ნაკადები, რათა თავიდან აიცილონ გლობალურად ნავთობის ფასის ზრდა და, ამავე დროს, შეიზღუდოს კრემლის შემოსავლები. 

ორივე ჯგუფის ქვეყნები თანხმდებიან, რომ ფასის ზედა ზღვართან ერთად, უნდა შემუშავდეს მისი გადახედვის მექანიზმი. 

$60 ოდნავ აღემატება ურალის ნავთობის ამჟამინდელ ფასს. 

საბაზროზე ნაკლები ფასის დაწესების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეწყვეტს, რაც გლობალურად საწვავის ფასის ზრდას გამოიწვევს. 

ასევე Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მზადდება ბრძანება ნავთობის მიყიდვის აკრძალვის შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ. 

5 დეკემბერს ძალაში შედის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს  ტანკერებით გადაზიდულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას.