ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა ფიქრობს, რომ ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტირებული საქონლის ნაწილი რუსეთში მიდის. როგორც ის აცხადებს, სწორედ ამას უკავშირდება წელს ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა.
"ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ-ერეთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია",- განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ თუ დადასტურება, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამას შედეგი მოჰყვება.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ ჩეხეთისგან 125.8 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა, რაც გასული წლის 12 თვის მაჩვენებელსაც აჭარბებს, ანალოგიური პერიოდის მონაცემს კი დაახლოებით 62%-ით აღემატება.
ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი იანვარ-ოქტომბერში წლების მიხედვით ასეთია:
- 2020 წელი - $57.7 მლნ
- 2021 წელი - $78 მლნ
- 2022 წელი - $125.8 მლნ
რაც შეეხება საქონელს, რომელსაც ჩეხეთისგან ვყიდულობთ, 2022 წლის 10 თვეში, იმპორტში ყველაზე დიდი წილით შემდეგი პროდუქცია ლიდერობს:
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები;
- მსუბუქი ავტომობილები;
- ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა.