LIVE

გვენეტაძე: ვფიქრობ, წელს ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მაღალიც იქნება

30 ნოე 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
გვენეტაძე: ვფიქრობ, წელს ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მაღალიც იქნება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მაღალი იქნება, 2023 წელს კი ზრდის ტემპი შენელდება.

„ვფიქრობ, წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 10%-ზე მაღალიც იქნება. ბუნებრივია, რომ შემდეგ წელს შედარებით დაბალი ზრდაა მოსალოდნელი. ამ ეტაპზე ჩვენი მომავალი წლის პროგნოზი 4-4.5%-ია. 2024 წლიდან დაწყებული კი დაახლოებით, 5-6%-ს შორის იქნება, თუმცა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება იმის საფუძველს მოგვცემს, რომ ეს ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

რა თქმა უნდა, მთავარი რისკები, ინფლაციას უკავშირდება, რადგან პანდემიისა და ომის გამო ინფლაცია გლობალურად, რეგიონში და საქართველოში უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს მცდელობები, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასა და გატარებაზე, ისე ხელისუფლების მხრიდან, ფისკალური დეფიციტის კონსოლიდაციაზე, რაც ხდება კიდეც. ზოგადად, დღევანდელ სიტუაციაში, სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ნებისმიერი პოტენციური შოკების უარყოფითი გავლენისგან ქვეყანა დაცული იყოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10% იყო.

ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა. მარეგულირებლის შეფასებით, ორნიშნა ზრდაში მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რუსი და ბელარუსი მიგრანტებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლები კი 500 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება.