სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10% იყო.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 34%-ით, ხოლო იმპორტი - 33.3%-ით.
ამასთან, მხოლოდ ოქტომბერში საქართველოში, 7 214 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.3%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 14.8%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 219 მლნ ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-დან 10%-მდე გაზარდა. პროგნოზი შეცვალა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც წელს საქართველოში ეკონომიკის 10%-იან ზრდას ელის. მარეგულირებლის შეფასებით, ორნიშნა ზრდაში მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რუსი და ბელარუსი მიგრანტებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლები კი 500 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასევე გაზარდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რომლებიც ასევე მიგრანტების ეფექტზე მიუთითებენ. კერძოდ, სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება, აზიის განვითარების ბანკი (ADB) 3.5%-ის ნაცვლად, 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, მსოფლიო ბანკმა კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 8.8%-მდე გაზარდა.