LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი: 30 000-მდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული

28 ნოე 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 634
ირაკლი ღარიბაშვილი: 30 000-მდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით მუშაობა დაახლოებით, 30 000-მა ადამიანმა დაიწყო.

მისი თქმით, ქვეყანაში მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა და მათი დასაქმება მთავრობის პრიორიტეტია.

„რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ახალი ინიციატივის განხორციელება, ეს შეეხებოდა სოციალურად დაუცველების დასაქმებას. ეს ევროპული მოდელია. დაახლოებით, 30 000-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა უკვე. ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. თუმცა რესურსი გაცილებით მეტია. მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს. ჩვენი სურვილია, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ. ისინი არ მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავრთოთ, არამდე გვსურს, ბიზნესში მოხდეს მათი ეტაპობრივი გადასვლა და დასაქმება, მათი პროფესიული უნარების განვითარება. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმინისტრის განმარტებით, ძალიან ბევრი დამსაქმებელი, მათ შორის სამშენებლო სექტორიდან, სამუშაო ძალის ნაკლებობას უჩივის.

„100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ მოთხოვნა გაცილებით მეტია. ქვეყანაში ბევრად მეტი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს. პირადად ვესაუბრე ბიზნესის წარმომადგენლებს. რამდენიმე კვირის წინ შევხვდი მათ და ყველა ერთხმად ამბობს, რომ სამუშაო ძალის გაზრდა აუცილებელია“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, საქსტატის 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით, 15.6%-მდე შემცირდა

ეკონომისტების ნაწილი საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებას ნაწილობრივ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ამოქმედებას უკავშირებს.