ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 17.42 მლნ ლარით (0.04%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 43.24 მლრდ ლარი შეადგინა.
გასულ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 261.19 მლნ ლარით (1.11%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 243.77 მლნ ლარით (1.24%-ით) შემცირდა.
სებ-ის თანახმად, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.27 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით, 12.07 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.
ოქტომბერში 0.38%-ით, ანუ 87.37 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 23.07 მლრდ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.17% შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, მაჩვენებელი 0.58 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი ნოემბრისათვის 42.31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 243.46 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 243.06 მლნ ლარით, ანუ 1.47%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 486.53 მლნ ლარით, ანუ 1.90%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 42.70% შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით.
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.74% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.31%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 0.96%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილი 82.09%, ხოლო ევროს წილი 16.22% იყო.
საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 888.6 მლნ ლარით, ანუ 1.3%-ით შემცირდა და ოქტომბრის ბოლოს 67.2 მლრდ ლარი იყო.
კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალი 8.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც მათი მთლიანი აქტივების 13.2%-ია.