დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობა მუნიციპალიტეტების შემოსავლების ეტაპობრივ ზრდას გეგმავს.
საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც მომავალ წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ქონების გაყიდვიდან და იჯარიდან მიღებული შემოსავლების უფრო მეტი წილი დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტში.
კერძოდ, როგორც მიმდინარე კვირას გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, 2023 წლიდან მუნიციპალიტეტებში არსებული ქონების პრივატიზებიდან ან იჯარიდან მიღებული შემოსავლების 40%, ნაცვლად დღეს არსებული 35%-ისა, ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება, ხოლო 2024 წლიდან ეს მაჩვენებელი 50%-მდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, 2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 90% ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება, ნაცვლად დღეს არსებული 65%-ისა.
როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შეფასებისას ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები თვითმმართველობების რეალური დეცენტრალიზაციისთვის საკმარისი არაა.
თვითმმართველობების საკითხებში სპეციალისტის თქმით, მუნიციპალიტეტების გაძლიერებისთვის და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული ქონება სამართავად ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცეს. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საჭიროა დაფინანსების სისტემის ცვლილებაც და საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება.
„საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებულს ქონებას, მიწებს თუ შენობა-ნაგებობებს თვითმმართველობები განაგებენ და შესაბამისად, მათი გაყიდვიდან შემოსავალიც ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება. ეს მართვის უფრო ეფექტური სისტემაა. ჩვენთან კი მუნიციპალიტეტების ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ვხედავთ, რომ სამინისტრო არაა ამ ქონების კარგი განმკარგველი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამ ნაწილში ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი უფლებები მიენიჭოს. ამასთან, მუნიციპალიტეტების დაფინანსების ეფექტური მოდელი გულისხმობს იმას, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა რჩებოდეს. ამ გზით იზრდება თვითმმართველობების მოტივაცია, რომ რაც შეიძლება ეფექტურად იყოს გამოყენებული მათ ტერიტორიაზე არსებული ქონება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყონ ხელი“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს, რომ მომავალ წლებში საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმართოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები და მთავრობის გეგმა ჯერჯერობით ცნობილი არაა.
ამასთან, მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის „ხედვა 2030“-ის თანახმად, 2025 წლისთვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შემოსულობების წილი მშპ-ში 7%-მდე უნდა გაიზარდოს.