LIVE

ანზორ მელია: მალე საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტი იქნება

26 ნოე 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 667
ანზორ მელია: მალე საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტი იქნება

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დირექტორის, ანზორ მელიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ჰოსპიტალურ სექტორში კადრების დეფიციტი გამწვავდა.

როგორც ანზორ მელიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, კლინიკებისთვის განსაკუთრებული პრობლემა საშუალო რგოლის მედპერსონალის მოძიებაა. მისი თქმით, სულ უფრო მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ექთნები სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან.

„ყველაზე მეტად საშუალო მედპერსონალის დეფიციტია. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რაიონებიდან გამოუცდელი ექთნები ავიყვანეთ, ვასწავლეთ, გადავამზადეთ, დავასაქმეთ და შემდეგ ისინი იტალიაში სანიტრებად წავიდნენ სამუშაოდ. სხვა კლინიკებსაც იგივე პრობლემა აქვთ. ჰოსპიტალურ სექტორში კადრების დეფიციტი უკვე შეიმჩნევა, თუმცა ასე თუ გაგრძელდა, მალე დადგება დრო, როდესაც უკვე ექთნების სერიოზული დეფიციტი იქნება საქართველოში“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

მისივე შეფასებით, კლინიკებში კადრების დეფიციტის პრობლემას მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება ვერ მოაგვარებს, რადგან საზღვარგარეთ დასაქმებულებს შედარებით მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ.

ჰოსპიტალურ სექტორში კადრების დეფიციტზე საუბრობენ სხვა კლინიკების წარმომადგენლებიც. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ "ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორმა განუცხადა, მომავალი წლიდან რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობების შესრულება ყველაზე რთული სწორედ სამედიცინო პერსონალის რაოდენობის ნაწილში იქნება.

„ახალი სანებართვო პირობები აწესებს პერსონალის რაოდენობრივ მოთხოვნებსაც, რამდენ საწოლზე რამდენი ექიმი და რამდენი საშუალო მედპერსონალი უნდა იყოს. სწორედ ამ მოთხოვნის შესრულება იქნება ყველაზე რთული, რადგან უკვე ისედაც დეფიციტურია რეანიმაციულ მიმართულებაში მომუშავე კადრები. თუკი კლინიკები ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებენ, მაშინ ისინი იძულებულები იქნებიან საწოლების რაოდენობა შეამცირონ, ეს კი ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წელის პირველი სექტემბრიდან რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

ამასთან, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრება.