LIVE

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო ხდება - დეტალები

31 დეკ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო ხდება - დეტალები

2023 წლის პირველი იანვრიდან სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსება სავალდებულო იქნება.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, დამსაქმებელს შეუძლია სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული დამატებითი ნიშნების განთავსების მიზნით.

„ტექნიკური რეგლამენტი - სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები“ ისეთი ნიშნების განთავსებას ითვალისწინებს, როგორიცაა: ამკრძალავი ნიშანი; გამაფრთხილებელი ნიშანი; სავალდებულო ნიშანი; საევაკუაციო გასასვლელის ან პირველადი სამედიცინო დახმარების ნიშანი, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნები და ა.შ.

დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულთა ან/და მათი წარმომადგენლების ინფორმირება, ასევე მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის გამოსაყენებელ ნიშნებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე (მათ შორის, სამუშაო ადგილზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში).

რეგლამენტი არ ვრცელდება:

  • ბაზარზე საშიში ნივთიერებების, სახიფათო ნაერთების, პროდუქტების და აღჭურვილობის/მოწყობილობის განთავსებისთვის გამოყენებულ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  • ნიშნებზე, რომლებიც გამოიყენება საავტომობილო, სარკინიგზო, ქვეყნის შიდა საწყლოსნო გზების, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის რეგულირებისთვის.