LIVE

განა გეგმავს, ნავთობი დოლარის ნაცვლად ოქროთი იყიდოს

26 ნოე 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
განა გეგმავს, ნავთობი დოლარის ნაცვლად ოქროთი იყიდოს

განას მთავრობა მუშობს ახალ პოლიტიკაზე, რომ ნავთობპროდუქტები დოლარის ნაცვლად ოქროს გამოყენებით შეისყიდოს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, მაჰამუდუ ბაუმიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ნაბიჯის მიზანია უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირებასთან გამკლავება, რაც ნავთობიმპორტიორების მხრიდან დოლარზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებას და ცხოვრების ხარეჯების ზრდას იწვევს.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს, განას მთლიანი საერთაშორისო რეზერვები $6.6 მილიარდს შეადგენდა, რაც მხოლოდ 3 თვეზე ნაკლები პერიოდის იმპორტის დასაფინანსებლადაა საკმარისი. რეზერვები შემცირებულია 2021 წლის ბოლოს არსებულთან შედარებით, როდესაც ქეყნის მთავრობის ინფორმაციით, რეზერვების მოცულობა $9.7 მილიარდს შეადგენდა.

განას ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თუ გეგმა 2023 წლის პირველი კვარტლიდან ამოქმედდება, ეს ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის შეცვლას და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების შეჩერებას გამოიწვევს, რამდენადაც იმპორტიორებს უცხოური ვალუტა აღარ დასჭირდებათ, ეს კი თავის მხრივ, ვალუტის კურსს საწვავის ფასის პირდაპირი ზემოქმედებისგან დაიცავს.

განა აწარმოებს ნედლ ნავთობს, მაგრამ იგი ეყრდნობა რაფინირებული ნავთობპროდუქტების იმპორტს მას შემდეგ, რაც 2017 წელს მისი ერთადერთი გადამამუშავებელი ქარხანა აფეთქების გამო დაიხურა.