LIVE

2023 წლიდან მოქალაქეები აირჩევენ, რა რისკიანობის პორტფელში ჩაიდება მათი საპენსიო დანაზოგი

03 დეკ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1136
2023 წლიდან მოქალაქეები აირჩევენ, რა რისკიანობის პორტფელში ჩაიდება მათი საპენსიო დანაზოგი

2023 წლის შემოდგომიდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები.

კერძოდ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის თავზე ჩნდება შესაძლებლობა, რომ საპენსიო დანაზოგები მიღმა ნაკლებრისკიანისა, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელშიც ინვესტირდეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუკი ახლა უცხოურ აქტივებსა და გლობალურ ბაზრებზე დანაზოგების მხოლოდ 20%-ის დაბანდებაა ნებადართული, მომავალი წლიდან ამ ლიმიტების გაზრდის შესაძლებლობა ჩნდება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა, სხვადასხვა აქტივებში ინვესტირებას განსხვავებული რისკები და ამონაგები ახლავს თან და შესაბამისი ინფორმაცია მოქალაქეებს დეტალურად მიეწოდებათ.

„კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ, ანუ მომავალი წლის შემოდგომიდან საპენსიო სქემის მონაწილეებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, რომ სამი ტიპის საინვესტიციო პორტფელიდან ერთ-ერთი ან მათი კომბინაცია თავად აირჩიონ. დღეს თანხების დაბანდება მხოლოდ დაბალრისკიანი პორტფელით გათვალისწინებულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში ხდება და მომავალი წლიდან ეს მიმართულება გაფართოვდება. შესაბამისად, გაჩნდება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში ინვესტირების შესაძლებლობაც. პორტფელების პოტენციურ რისკიანობასთან და ამონაგებთან დაკავშირებით სქემის მონაწილეებთან დეტალური კომუნიკაცია მოხდება“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

იგეგმება საპენსიო ფონდის მანდატის გაფართოებაც და შესაძლოა, საპენსიო თანხები მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ჩაიდოს.

9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო დანაზოგი 2.78 მილიარდი ლარია. მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მილიონ ლარს შეადგენს.

ფონდმა 2022 წლის მარტიდან აშშ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% - ლარში.