საქართველო მწვანე წყალბადის განვითარების პროცესში ერთვება და გეგმავს, რამდენიმე წელში წყალბადის ენერგია აითვისოს.
წყალბადის ენერგიის ათვისების პოტენციალის განსახილველად დღეს წყალბადის ენერგეტიკის შესახებ საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია "მწვანე წყალბადის" განვითარების ევროპულ პროცესებში. ამავე დროს, საქართველო, საკუთარი განახლებადი ენერგიის პოტენციალით და სახარბიელო გეოგრაფიული განლაგებით, განიხილავს ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებლის მიღებას როგორც საკუთარი რესურსების განვითარებით, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის ხელშეწყობით.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, მწვანე წყალბადის დასანერგად, ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება.
"მწვანე წყალბადი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ქვეყანას გააჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ვართ ჰიდრორესურსების მქონე ქვეყანა, გაგვაჩნია წყალბადის რესურსი. გვინდა, საკანონმდებლო ბაზა შევქმნათ, რათა წყალბადის ენერგია ინტეგრირებული იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, ამ კუთხით მნიშვნელოვანია სხვადასხვა რესურსის ათვისება, მათ შორის, იმ წყლის რესურსის, რომელიც გაგვაჩნია", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
წყალბადის ენერგეტიკის შესახებ საერთაშორისო ფორუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც წყალბადის პოლიტიკაში მათი ქვეყნების ხედვასა და ინტერესებზე ისაუბრეს.