LIVE

COP27: მდიდარი ქვეყნები ღარიბებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებენ

21 ნოე 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 652
COP27: მდიდარი ქვეყნები ღარიბებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებენ

COP27-ის კლიმატის სამიტი ისტორიული შეთანხმებით დასრულდა -  მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებენ.

ზარალისა და დანაკარგის ასანაზღაურებლად, შეთანხმების ფარგლებში, ფონდი შეიქმნება. ეს დიდი მიღწევაა ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ითხოვენ ფულს, რადგან ისინი ხშირად არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების: წყალდიდობების, გვალვების, სითბური ტალღების და ქარიშხლების მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ, მდიდარ სახელმწიფოებთან შედარებით, ამ პროცესებზე მათი პასუხისმგებლობა მცირეა. 

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების ანაზღაურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსტრემალური ამინდით დაზარალებული ქვეყნებისთვის, რომლებიც ზღვის დონის მატების გამო, არსებობის საფრთხის წინაშე დგანან.

„სამი გრძელი ათწლეული დასჭირდა და როგორც იქნა, აღდგა კლიმატის სამართლიანობა“, - თქვა სევ პაენიუმ, ტუვალუს ფინანსთა მინისტრმა.

პაკისტანის გარემოს დაცვის მინისტრის, შერი რეჰმანის თქმით, ფონდის დაარსება „ქველმოქმედების განაწილებას“ არ ნიშნავს.

წელს პაკისტანის ისტორიაში ყველაზე საშინელი წყალდიდობა დაფიქსირდა. სტიქიამ დაახლოებით 1700 ადამიანი იმსხვერპლა და ქვეყანას $40 მილიარდიანი ზარალი მოუტანა. მუსონური წვიმები პაკისტანისთვის დამახასიათებელია, თუმცა წლევანდელმა წყალდიდობამ განსაკუთრებულ მასშტაბს მიაღწია, რაც ნაწილობრივ კლიმატის ცვლილების შედეგად, მყინვარების დნობას უკავშირდება.

განვითარებადი ქვეყნები უკმაყოფილო დარჩნენ იმის გამო, რომ წელს კონფერენციაზე პროგრესს ვერ მიაღწიეს ემისიების შემცირების  მიზნებთან დაკავშირებით, რაც ღონისძიების მთავარ წარუმატებლობად მიიჩნევა. 

COP26-ის პრეზიდენტს ალოკ შარმას სურდა, რომ ამ მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები გადადგმულიყო, მაგრამ მისი თქმით, წიაღისეული საწვავის ეტაპობრივად გაუქმების შესახებ ტექსტში საუბარი არ არის. 

„საოცრად იმედგაცრუებული ვარ, რომ უფრო შორს წასვლა ვერ შევძელით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალოკ შარმამ.

ამასთან, ტექსტი არ არის საკმარისად მკაფიო „დაბალი ემისიების ენერგიის“ მოხმარების შესახებ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ემისიები პიკს 2025 წლამდე მიაღწევს. ქვეყნები, მათ შორის G20 ჯგუფში შემავალი სახელმწიფოები, ცდილობენ მსოფლიომ სასწრაფოდ შეამციროს წიაღისეული საწვავის მოხმარება, მაგრამ ისეთი განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნავთობსა და გაზზე, ასევე ინდოეთი დაინტერესებულია თავისი რეზერვების გამოყენებით, როგორც ამას ისტორიულად დასავლური ქვეყნები აკეთებდნენ.