LIVE

მონოპოლისტების არსებობა რისკის შემცველია - ესპანეთის კონკურენციის კომისიის წევრი

18 ნოე 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 533
მონოპოლისტების არსებობა რისკის შემცველია - ესპანეთის კონკურენციის კომისიის წევრი

ესპანეთის ეროვნული ბაზრებისა და კონკურენციის სააგენტოს კომისიის წევრი "ბიზნეს ფორმულასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ბუნებრივ მონოპოლისტებთან ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ორიენტირებულები არიან მოგების გაზრდაზე.

მარია არილაგა აღნიშნავს, რომ ასეთ დროს მთავრობამ უნდა გაატაროს შესაბამისი რეგულაციები, რათა მაქსიმალურად დაიცვას მომხმარებლის ინტერესი.

"ბუნებრივი მონოპოლისტები სამწუხაროდ ყველგან არსებობენ, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც რკინიგზის სექტორი, შეიძლება, ჩვენ ვერ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა ისე, რომ თუნდაც ენერგეტიკის სექტორში ან რკინიგზის მიმართულებით გვყავდეს არა ერთი ალტერნატიული კომპანია, მაგრამ ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ მათ სხვადასხვა კონტრაქტორ კომპანიებთან ითანამშრომლონ," - აცხადებს მარია პილარ კანედო არილაგა, კონკურენციის კომისიის კომისიონერი.

"ბიზნეს ფორმულას" შეკითხვაზე, რა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ მონოპოლისტებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, კომისიონერი აცხადებს, რომ მთავრობამ ბაზარი უნდა გახადოს მეტად ღია მცირე ბიზნესისთვის იმისათვის, რომ როგორც უცხოელმა, ისე ადგილობრივმა კომპანიებმა, საქართველოში თავისუფლად ოპერირება შეძლონ.

მისივე თქმით, არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ კომპანიის ლობირება.

"საბოლოოდ იქამდე მივდივართ ხოლმე, რომ ქვეყანაში ოპერირებენ საკმაოდ სუსტი კომპანიები, რომლებსაც უბრალოდ ისიც კი არ შეუძლიათ, რომ ესა თუ ის პროდუქტი ექსპორტზე გაიტანონ, ამიტომ მგონია, რომ თქვენ საქართველოში გჭირდებათ ძლიერი კომპანიები და არა ისეთები, რომლებიც ხელისუფლების ან სხვა რომელიმე ორგანოს მფარველობის ქვეშ არიან",- აცხადებს კომისიონერი, რომელიც საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.