მიმდინარე წლის 10 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით სრულად აღდგა, თუმცა მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით.
კერძოდ, წელს იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2 მლრდ 855 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 100%-ით აღდგენაა. 10 თვეში ყველაზე მეტი, 678 მლნ დოლარი რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა დახარჯეს.
„თიბისი კაპიტალის“ გათვლებით, ტურიზმის ჯამურ აღდგენაში დაახლოებით მეოთხედი, 23-25% სწორედ მიგრაციის ეფექტზე მოდის.
ანალიტიკური ორგანიზაცია ელის, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით ჯამურად 110%-ით აღდგება, ამ მაჩვენებელში 30-35% კი მიგრანტების წილი იქნება.
იანვარ-ოქტომბერში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები კი ასეთია:
- რუსეთი $678 მლნ
- ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი $294 მლნ
- თურქეთი $269 მლნ
- უკრაინა $232 მლნ
- ისრაელი $229 მლნ
- ბელარუსი $223 მლნ
- საუდის არაბეთი $154 მლნ
- სომხეთი $126 მლნ
- აზერბაიჯანი $81 მლნ
- ირანი $79 მლნ
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ამ დრომდე არ მიჯნავს ერთმანეთისგან უშუალოდ ტურისტებისგან და მიგრანტებისგან მიღებულ შემოსავლებს. ოქტომბერში გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად კი მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად.