LIVE

საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება

18 თებ 202119:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 603
საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზარდი დაძაბულობის ფონზე გადადგა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ყველა ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ იმ მიზნით, რომ ხელისუფლებისთვის მელიას დაკავების საშუალება არ მიეცათ.

მკაცრი განცხადებები გააკეთეს საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა. ისინი ხელისუფლებას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლებას ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა:

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში პოლიტიკური მოვლენების უახლესი განვითარებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოამჟღავნონ თავშეკავება და თავიდან აირიდონ ნებისმიერი მოქმედება ან რიტორიკა, რომელმაც შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიას. დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს ერთგულება დემოკრატული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებების და კანონის უზენაესობის მიმართ სასამართლო და საბრალდებო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებულობისგან თავისუფლების უზრუნველყოფით. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტებისთვის ხელშეწყობისთვის".

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა: „ვშიშობ, რომ სიტუაცია საქართველოში ფეთქებადსაშიშია. ალბათ, ოპოზიცია გაერთიანდება და ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ამის შემდეგ, ძალიან მაღელვებს ის თუ, როგორი იქნება ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაქცია. სწორედ ამიტომაა ეს გზა სახიფათო და იმედი მაქვს, რომ ამას ყველა ხედავს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს, მაგრამ საჭიროა, რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი. თუ პროტესტს უხეში ძალით დარღვევა მოჰყვება, ვფიქრობ, შეერთებული შტატებისგან იქნება რეაქცია და სანქციებიც არ დააყოვნებს. როგორც აქედან ჩანს, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრ გახარიას გათვალისწინებით, ბატონი ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან და თუ ეს დადასტურდა, პირველ რიგში, სანქციები სწორედ მის წინააღმდეგ იქნება“.

განცხადება გაავრცელა ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში: „რთული პერიოდია. საქართველოს მეგობრები, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლიანად, განმუხტონ დაძაბულობა და მისცენ საქართვლელოს შესაძლებლობა, ევროატლანტიკური ინტეგტაციისკენ პროგრესი გააგრძელოს. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესში არ შედის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობის საფრთხეზე საუბრობს: "საქართველო გზაგასაყარზეა. საფრთხე ემუქრება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობებს. მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყონ დიალოგი. ყველა მათგანი პასუხისმგებელია ქვეყნის მომავალზე".

ლიეტუვის სეიმის წევრები ხვალ საქართველოში ჩამოსვლას და ოპოზიციასთან შეხვედრას აპირებენ. „ევროპაში ჩვენ არ ვაპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერებს. მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს. ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკვლელობა იქნება“ - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა, ლიეტუვის სეიმის წევრმა.

 

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა მიმდინარე პროცესებს 90-იან წლებში დაბრუნებას უწოდებს: "შეშფოთებული ვარ საქართველოდან მიღებული ინფორმაციით. ქვეყანა, რომელიც ადრე სხვებს აძლევდა მაგალითს, ახლა ისევ საკუთარ მშფოთვარე წარსულში ბრუნდება, გასული საუკუნის 1990-იან წლებში. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია".

მიმდინარე პროცესების შესახებ Twitter-ზე დაწერა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესი: "დიპლომატიური გამოსვლისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ღრმად ვარ შეშფოთებული", ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად ვარ ნაწყენი, შეშფოთებული, ნაწილობრივ კი მეზიზღება ის, რაც ქვეყანაში ხდება. ქვეყანაში, რომელის პოპულარიზაციაში, დაცვაში, გაძლიერებასა და დახმარებაში 23 წელი გავატარე. ამაზე უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო".

ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება ლიეტუვის ელჩი ანდრეუს კალინდრა, რომელიც აცხადებს: „აქ ვარ, რათა გამოვხატო სოლიდარობა იმ მოვლენების მიმართ, რაც ახლა ვითარდება. მომავლისადმი შეშფოთებას გამოიწვევს არაპროპორციული ზომების მიღება“.

პრემიერ-მინისტრის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომ: „არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“.

აშშ-ს საელჩოს განცხადებას წინ უსწრებდა სენატორ რიშის ინტერვიუ "ამერიკის ხმასთან", სადაც მან განაცხადა: „ბატონ მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა“.

მელიას დაკავების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი: "ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და მეტად შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნისთვის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები“.

ვიდრე სასამართლო მელიას დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებდა, განხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა: "ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება".

ლიეტუვის სეიმის წევრმა ლაიმა ანდრიკიენემ კი Twitter-ზე დაწერა: „საქართველო კარგავს სახეს და, შესაბამისად, მის მოკავშირეებს დასავლეთში“.