ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 337 მლნ 346 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური ზრდა 137%-ია. 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი კი, გასულ თვეში, 126.4%-ით აღდგა.
მოგზაურობიდან შემოსავლების მკვეთრ მატებაში რუსების წილი დიდია. სებ-ის თანახმად, ოქტომბერში მხოლოდ რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 114 მლნ 500 ათასი დოლარი დახარჯეს. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, მონაცემები 526%-ითაა გაზრდილი.
ოქტომბერში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:
- რუსეთი - $114.5 მლნ;
- ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - $33.7 მლნ;
- თურქეთი - $33.6 მლნ;
- უკრაინა - $29.3 მლნ;
- ისრაელი - $27.7 მლნ;
- სომხეთი - $13.5 მლნ;
- ბელარუსი - $12.3 მლნ;
- აზერბაიჯანი - $9.4 მლნ;
- ირანი - $6.7 მლნ;
- საუდის არაბეთი -$5.2 მლნ.
მიმდინარე წლის 10 თვეში კი საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2 მლრდ 855 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 100%-ით აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, მოგზაურებიდან შემოსავლები 183%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 10 თვეში რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 678 მლნ დოლარი დახარჯეს.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი, 109 158 საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, წლიური ზრდა 274%-ია. ოქტომბერი ზედიზედ მეხუთე თვეა, რაც საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა.
ოქტომბერში გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად.