LIVE

მნიშვნელოვანია განხორციელდეს, თუმცა ინვესტორმა დააგვიანა - მინისტრი ნენსკრა ჰესზე

15 ნოე 202211:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
მნიშვნელოვანია განხორციელდეს, თუმცა ინვესტორმა დააგვიანა - მინისტრი ნენსკრა ჰესზე

საქართველოს მთავრობა “ნენსკრა ჰესის” ინვესტორ კომპანია K-Water-სთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ არაერთხელ დარღვეული ვადების ფონზე, მოლაპარაკების საგანია კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელება და ასევე, სახელმწიფოს როლი პროექტში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყება.

„მიდის მოლაპარაკებები, რომ ხელშეკრულება გაგრძელდეს, შეთანხმება მოხდეს და დაიწყოს ჰესის მშენებლობა. მოლაპარაკებების საგანია, რა იქნება სახელმწიფოს როლი. გვინდა ამ პროექტს მივეხმაროთ, ინვესტორისგან აუცილებელია მზაობა“,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ინვესტორი პროექტის განხორციელების მზაობას გამოთქვამს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროექტი განხორციელდეს, თუმცა ინვესტორმა დააგვიანა, დრო დაიკარგა, მაგრამ დღეს ინვესტორი გვპირდება, რომ მზადაა პროექტი განახორციელოს. სახელმწიფოს თავისი მოთხოვნები გააჩნია, წლის განმავლობაში მიდიოდა დიალოგი კომპანიასთან და გუშინ შევხვდით დირექტორს და იმედი გვაქვს, რომ კომპანია სწრაფად მოახდენს შეთანხმებას და პროექტის განხორციელებას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს. 

“ნენსკრა ჰესი“ ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სვანეთში 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ 50 მილიონ დოლარს შეადგენს და ის ერთ-ერთია გაჭიანურებულ მსხვილ ენერგოპროექტებს შორის. “ნენსკრა ჰესის" მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირველი ვადის დროს დაანონსდა.

თავდაპირველად "ნენსკრა ჰესის" მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების დაწყების თარიღად 2019 წელი სახელდებოდა, პროექტი სრულად 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასულ წელს მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო.