LIVE

წელს აჭარაში მანდარინის მოსავალს დაგვიანებით აიღებენ - ფერხდება ექსპორტი

14 ნოე 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
წელს აჭარაში მანდარინის მოსავალს დაგვიანებით აიღებენ - ფერხდება ექსპორტი

წელს აჭარაში ნარინჯისფერი რთველი დაგვიანებით, 25 ნოემბრიდან დაიწყება, რაც ექსპორტს პრობლემებს უქმნის, ვინაიდან ციტრუსის ძირითადი ნაწილის რეალიზაცია, როგორც წესი ახალ წლამდე უნდა მოესწროს.

ამასთან, ადგილობრივი ფერმერები მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 40%-ით შემცირებულ მოსავალს ელიან, რის მიზეზადაც კლიმატური პირობები სახელდება.

„ბიზნეს ფორმულასთან“ „აგრო ინვესტ სერვისის“ დირექტორი, ვაჟა მკურნალიძე აცხადებს, რომ ლარსის საბაჟო პუნქტთან არსებული რიგებისა და გაძვირებული ლოგისტიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირდება ექსპორტი, ფერმერები კი მანდარინის გასაღების პრობლემის წინაშე დადგებიან. მისი თქმით, პრობლემაა ისეთი ლოგისტიკური ცენტრების არ არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება მიღებული მოსავლის დასაწყობება.

„ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ განვითარებული არ არის ლოგისტიკური ცენტრები, რომლითაც მოხდება შესაბამისი ტექნოლოგიების დაცვით, მოწეული პროდუქტის დასაწყობება, რაც თავისთავად შესაძლებლობას იძლევა, რომ დაახლოებით სამი თვით მოხდეს პროდუქციის რეალიზაციის გახანგრძლივება. რაც არ უნდა მცირე იყოს მოსავალი, ერთი თვის ვადაში, ანუ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ხდება ხილის დაკრეფა, მისი გადამუშავებაც და მიწოდებაც, რაც ამ ერთ თვიან პერიოდში იწვევს ჭარბ მიწოდებას, ეს კი პირდაპირ მოქმედებს სარეალიზაციო ფასზე",- აცხადებს „აგრო ინვესტ სერვისის“ დირექტორი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოდან 40 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა და შემოსავალმა $20 მილიონს გადააჭარბა. მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც $15 მილიონის მანდარინი გავიდა, რიგით მეორე საექსპორტო ბაზარი, $3 მილიონზე მეტი შემოსავლით, სომხეთია.