პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს.
„პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, “ნენსკრა ჰესი” მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს", თუმცა რეალურად ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები გაჩერებულია. მათ შორისაა "ნამახვანჰესი", რომლის ინვესტორმა თურქულმა კომპანია ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა.
“ნენსკრა ჰესი“ ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სვანეთში 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ 50 მილიონ დოლარს შეადგენს და ის ერთ-ერთია გაჭიანურებულ მსხვილ ენერგოპროექტებს შორის. “ნენსკრა ჰესის" მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირველი ვადის დროს დაანონსდა.
თავდაპირველად "ნენსკრა ჰესის" მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების დაწყების თარიღად 2019 წელი სახელდებოდა, პროექტი სრულად 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასულ წელს მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო.