LIVE

TBC Capital: წლის ბოლოსთვის $1-ის ღირებულება დაახლოებით ₾2.70-მდე იქნება

14 ნოე 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 973
TBC Capital: წლის ბოლოსთვის $1-ის ღირებულება დაახლოებით ₾2.70-მდე იქნება

TBC Capital-მა პროგნოზი გააუმჯობესა და ელის, რომ წლის ბოლოსთვის 1 დოლარის ღირებულება, დაახლოებით 2.70 ლარამდე იქნება. 

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, მომდევნო წლებში ლარი დოლართან უფრო მეტად გამყარდება, ევროსთან კი გაუფასურდება.   

„მთლიანობაში, დამატებითი ინფორმაციის ლარის კურსის საპროგნოზო მოდელში ასახვის შედეგად, ჩვენ ვაუმჯობესებთ წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის დაახლოებით 2.80 ნიშნულის პროგნოზს დაახლოებით 2.70-მდე. ამასთან, მომდევნო წელს, ძირითადად სავარაუდოდ რუბლის შედარებითი დასუსტებისა და საქართველოში დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, მხოლოდ მცირედით სუსტი ლარი, როგორც ჩანს, საბაზო სცენარია, მომდევნო წლებში დოლართან უკვე უფრო მეტი გამყარებითა და ევროსთან გაუფასურებით“, - აღნიშნულია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ წარსული დინამიკიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ევროს გამყარება ლარის გამყარებასაც იწვევს, თუმცა არა თანაბარზომიერად.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემდგომი გამყარება სწორედ საბაზო სცენარია, თავისთავად არაა გამორიცხული საერთაშორისო მასშტაბით მოვლენათა უფრო სტრესული სცენარით განვითარება, რაც უკვე მყარი დოლარის არგუმენტია. რა შეგვიძლია ვთქვათ სავალუტო რისკის აღებისას ევრო/დოლარის შესაძლო ოპტიმალური კომპოზიციის კუთხით? აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ჩვენი ადრინდელი შეფასებები დიდწილად კვლავ ძალაშია. საკუთრივ, სადღეისოდ დივერსიფიცირება ისევ ოპტიმალური მოჩანს, თუმცა სესხებში დოლარის შედარებით მეტი წილის გათვალისწინებით“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

ყოველკვირეული განახლების თანახმად, შესაძლოა, რეკორდულად ძლიერი დოლარის პერიოდი უფრო ადრე დასრულდეს.

„აშშ დოლარში მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ნაკლები ტემპით გაზრდა, 10 წლიანი განაკვეთის უკვე დაფიქსირებული შემცირება და დოლარის გაუფასურება საქართველოსთვის ცალსახად პოზიტიური განვითარებაა. ჩვენი წინა შეფასებებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროს გაძლიერება და დოლარის დასუსტება სწორედ რომ საბაზო სცენარს წარმოადგენდა. თუმცა, შესაძლოა რეკორდულად ძლიერი დოლარის პერიოდი უფრო ადრე დასრულდეს. ამ მხრივ უკრაინაში არსებული ვითარების თუნდაც ნაწილობრივი და დროებითი მოგვარება ასევე დოლარის დასუსტების არგუმენტია, განსხვავებით გლობალური რეცესიის რისკებისა, რა შემთხვევაშიც დოლარის პოზიციები, პირიქით, ძლიერდება“, - აღნიშნულია ყოველკვირეულ განახლებაში.

შეგახსენებთ, ოქტომბერში გამოქვეყნებული TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, ანალიტიკური ორგანიზაცია ელის, რომ 2023 წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.90-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.07-ის ნიშნულზე.