LIVE

III კვარტალში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა ₾4.6 მილიარდი დახარჯეს - საქსტატი

14 ნოე 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
III კვარტალში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა ₾4.6 მილიარდი დახარჯეს - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ჯამში 2.3 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 2.8-ჯერ აღემატება. ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაზე მოდიოდა. 

ივლისი-სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 2.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ჯამური ხარჯები 4.6 მილიარდ ლარს, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 2 411.4 ლარს გაუტოლდა.  

არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ყველაზე მეტი თანხა განთავსებაზე დახარჯეს.

ვლისი-სექტემბრის პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ჯამური რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს. მეორე პოზიციაზე იყო სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 13.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (533.2 ათასი), სომხეთის (326 ათასი) და თურქეთის (281.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტებს შორის 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის იყო, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 78.7% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 17.3% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (60.3%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. 

საქსტატის ინფორმაციით, III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 ღამე შეადგინა. ვიზიტების 65% განმეორებითი ხასიათის იყო.