LIVE

EBA: საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა სტაბილური არაა

13 ნოე 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
EBA: საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა სტაბილური არაა

ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა სტაბილური არაა.

როგორც ჯონ ბრაეკეველდტიმ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მართალია, სხვადასხვა ფაქტორების გამო ახლა ქვეყანაში ორნიშნა ზრდა ფიქსირდება, თუმცა მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკაში არაერთი გამოწვევა რჩება, რომელიც ბიზნესს ოპერირებაში ხელს უშლის.

მისი განცხადებით, ასეთ გამოწვევებს შორისაა ლარის კურსის მერყეობა, კადრების დეფიციტი და ბიუროკრატია.

„კარგია, როდესაც ეკონომიკური ზრდა გაქვს, მაგრამ საფრთხილოა, როდესაც ის ასე სწრაფად იცვლება - ამ თვეში 20%, შემდეგ თვეში 5%. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ძალიან პატარაა. ეს დიდი პრობლემაა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა გვქონდეს უფრო დიდი ეკონომიკა, ეს კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ გვინდა სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკა, ეს არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ბიზნესი და ყველა თანხმდება და მთავრობაც უნდა დაეთანხმოს იმას, რომ არსებული ეკონომიკური ზრდა სტაბილური არაა. საქართველოს ჯერ არ აქვს ევროპული ეკონომიკა. ბევრი პრობლემაა ბიზნესის კეთების პროცესში. მაგალითად, ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობას კვლავ დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე, შესაბამისი კადრების და უნარების არარსებობა, ზოგადი ბიუროკრატია, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება. ეს საკითხები გადაჭრას საჭიროებს და მთავრობამ უნდა იმუშაოს ამაზე“, - განაცხადა ჯონ ბრაეკეველდტიმ.

წელს იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 10.2%-ით გაიზარდა. ამასთან, ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 10% იქნება, რაშიც მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

რაც შეეხება მომდევნო წელს, მთავრობის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 5%-ით გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4% იქნება.