აუდიტორული კომპანიების ნაწილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ბიზნესს დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატური რეჟიმით დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ Kreston Georgia-ში განუცხადეს, დღგ-ს ავტომატური რეჟიმით დაბრუნების წესი გასულ პერიოდში უფრო ეფექტურად მუშაობდა. კომპანიის მმართველი პარტნიორის, დავით პაპიაშვილის თქმით, ახლა არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც შემოსავლების სამსახური სხვადასხვა მიზეზით კომპანიებს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ავტომატური წესით დაბრუნებაზე უარს ეუბნება ან ეს პროცესი დროში იწელება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში ბიზნესი კუთვნილი თანხების მიღებას დღგ-ს დაბრუნების ძველი, შედარებით ხანგრძლივი პროცედურით ცდილობს, თუმცა მათ პრობლემები ამ პროცესშიც ექმნებათ.
„როდესაც დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური რეჟიმი ამოქმედდა, ეს რეფორმა მართლაც ძალიან ეფექტური იყო და კომპანიები სწრაფად ახერხებდნენ კუთვნილი თანხების მიღებას. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ მომრავლდა ისეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიებს, რომლებიც ადრე უპრობლემოდ სარგებლობდნენ ამ წესით, თანხების ავტომატური რეჟიმით დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან. შემოსავლების სამსახურის არგუმენტია, რომ ასეთი კომპანიები რისკიან კატეგორიაში ხვდებიან, თუმცა ჩვენი აზრით, მათი პოზიცია საკმარისად არაა დასაბუთებული. ამის შემდეგ კომპანიები ცდილობენ, რომ კუთვნილი თანხები დღგ-ს დაბრუნების ძველი, შედარებით ხანგრძლივი პროცედურის საფუძველზე მიიღონ. თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებას იწყებს და ეს პროცესი უკვე დროში ძალიან იწელება“, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.
"ბიზნეს ფორმულამ" საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიმართა, თუმცა უწყებამ კომენტარი არ გააკეთა. უწყებამ მოგვიანებით ოფიციალური სტატისტიკა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 10 თვის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1.8 მილიარდი ლარი დაუბრუნდათ.
დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა სრულად 2020 წლის ნოემბერში ამოქმედდა და მის ფარგლებში კომპანიებს მოთხოვნის წარდგენის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება შეუძლიათ.