LIVE

Covid-მა მსოფლიო მოდის კაპიტალიდან $600 მილიონი გააქრო

20 თებ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 464
Covid-მა მსოფლიო მოდის კაპიტალიდან $600 მილიონი გააქრო

მოდის კვირეულები, რომლებიც ყოველწლიურად თებერვალსა და მარტში იმართება, ინდუსტრიაში წლის მთავარი მოვლენებია. ოთხი კვირის განმავლობაში, ათასობით ადამიანი ჩადის მსოფლიო მოდის დედაქალაქებში. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის უკან მულტიმილიონიანი ეკონომიკაა, რომელიც ნიუ – იორკში, ლონდონში, პარიზსა და მილანში ინვესტიციებისა და ტურისტული დანახარჯების წყაროა. 

თუმცა, პანდემიამ არც ეს მიმართულება დაინდო. ზედიზედ მეორე სეზონია, რაც თითქმის ყველა შოუ ვირტუალურად იმართება. Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, ეს ოთხი ქალაქი ამ სეზონზე $600 მილიონზე მეტი ღირებულების ეკონომიკურ აქტივობას დაკარგავს. შოუების გაციფრულება თითოეულ ქალაქზე და ზოგადად მოდის ინდუსტრიაზე ასე იმოქმედებს:

ნიუ-იორკი

როგორც წესი, ნიუ-იორკის მოდის კვირეული ასობით მილიონი დოლარის წლიურ შემოსავალს ქმნის და აშშ-ს ღია ტენისის ტურნირსაც კი უსწრებს. ჩვეულებრივ, ნიუ-იორკის მოდის ივენთები 150,000-მდე დამსწრეს იზიდავს. კვირეულის გამო ჩამოსული უამრავი ადამიანი მანჰეტენის სასტუმროებს და ღამის კლუბებს ავსებს და უამრავ ფულს ტოვებს ქალაქში.

ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭო წელს უფრო რთულ სეზონს ელოდება.

”ეს სეზონი უდიდესი გამოწვევა იქნება ყველა ჩვენგანისთვის, რადგან მსოფლიო მასშტაბით პანდემია და ეკონომიკური ვარდნა სულ უფრო დამანგრეველი ხდება”- წერს CFDA- ს თავმჯდომარე ტომ ფორდი ინდუსტრიისთვის გაგზავნილ წერილში.

ლონდონი

ბრიტანეთის მოდის საბჭო 19 თებერვლიდან მხოლოდ ციფრულ ღონისძიებას გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება 95 დიზაინერის ქალის და მამაკაცის კოლექციები.

FashionUnited Business Intelligence-ის თანახმად, ლონდონის მოდის კვირეულს, როგორც წესი, $374 მილიონზე მეტი შემოაქვს ქალაქისთვის. Oxford Economics-ის შეფასებით, პანდემიის გამო 240,000 პირდაპირი სამუშაო ადგილი დაიკარგა, რაც გაერთიანებული სამეფოს მოდის ინდუსტრიის დასაქმებულთა მეოთხედზე მეტს წარმოადგენს. არაპირდაპირი სამუშაო ადგილების შემთხვევაში მათი რიცხვი 350,000-ს აღწევს.

მილანი

გასულ წლებში მილანის მოდის ოთხი კვირეულიდან თითოეულს დაახლოებით 30 მილიონი ევრო შემოქონდა ქალაქში. ეს თანხები ისეთ ადგილებში იხარჯებოდა, როგორიცაა სასტუმროები და რესტორნები. ვირტუალური კვირეულების პირობებში, შემოსავალი, სავარაუდოდ, მინიმუმ 80% -ით შემცირდება. თუმცა, იმისათვის, რომ ქალაქმა კვირეულში რაღაც ფორმით მაინც მიიღოს მონაწილეობა, იტალიის მოდის პალატა სტრატეგიულ ადგილებში დიდ ეკრანებს განათავსებს. გამვლელებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში უყურონ Armani-ის, Prada-ს, Fendi-ს და Dolce & Gabbana-ს ჩვენებებს.

პარიზი

The Institut Francais de La Mode-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებამდე, პარიზის მოდის კვირეულები ყოველწლიურად 450 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ ახალი მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, პროგნოზების მიხედვით, ეს თანხა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ვირტუალურ მოდის კვირეულს განსაკუთრებით დიდი ნეგატიური კვეთა აქვს ტურისტულ და ფუფუნების ბიზნესებთან. პარიზის 12 პრემიერ სასტუმროდან ამჟამად ხუთია ღია და ისიც 5-15%-მდეა დატვირთული. ჩვეულებრივ, მოდის კვირეულის განმავლობაში, სასტუმროების ოთახების 80-100% დაჯავშნილია.

მოდის კვირეულების გაციფრულების ერთი პოზიტიური ფაქტორი, რასაც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, ამ მოვლენის დემოკრატიზაციაა. რადგან ფიზიკური დასწრება მოდის ჩვენებებზე ძირითად შემთხვევებში მხოლოდ ვირტუალურია, მეტი რესურსი იხარჯება შოუს გაციფრულებაში. ეს საშუალებას აძლევს მოდით დაინტერესებულ მილიონობით ადამიანს პირდაპირ ეთერში დაესწრონ დიზაინერების შოუებს, ინფლუენსერებთან, მოდის კრიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კიმ ბასინი, ანჯელინა რასკუეტი, ფლავია როტონდი