LIVE

უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის რეგულაცია არის ფიქცია, სისულელე - ქეთი ქვარცხავა

08 ნოე 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის რეგულაცია არის ფიქცია, სისულელე - ქეთი ქვარცხავა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სავალდებულო ყოლის ვალდებულების გაუქმებაზე ბიზნესის მოთხვონას შრომის ინსპექციაში უსაფუძვლოს უწოდებენ. 

აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ "ბიზნეს ფორმულას" უწყების ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, რომ სამუშაო გარემოს შემოწმება კომპანიების ნაწილს ყოველთვიურად არ უწევს. 

ფერაძე კერძო სექტორს კანონს ახსენებს. კანონში კი წერია, რომ რისკის შეფასება განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორებში 10 კალენდარული დღის ვადაშია სავალდებულო, ძალიან მაღალი რისკის სექტორებში 15 კალენდარულ დღეში. რაც შეეხება მაღალი რისკის სექტორებს - რისკი 30 დღის ვადაში უნდა შეფასდეს, საშუალო რისკის სექტორებში 4 თვის ვადაში. დაბალი რისკის სექტორებში შემოწმება 6 თვის ვადაშია საჭირო.

თავის მხრივ, BLC Law Office-ს იურისტი ქეთი ქვარცხავა აცხადებს, რომ ბიზნესი შრომის კოდექსს იცნობს, თუმცა შესაბამისი ორგანიზაციების დაქირავება, რომლებიც კომპანიების სამუშაო პირობებს რამდენიმე თვეში ერთხელ შეამოწმებენ, ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, თანხის დაზოგვის მიზნით, დამსაქმებელთა ნაწილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად საკუთარ თანამშრომელს ამზადებს.

"ეს კანონი არის ფიქცია. ბიზნესი პრაქტიკულად იძულებულია, თავი აარიდოს ამ ვალდებულებას იმით, რომ თავისივე თანამშრომლის სერტიფიცირებას ახდენს. იმ კომპანიებს იმიტომ არ მივმართავთ, რომ ძვირია. საკუთარი თანამშრომლისთვის უფრო დაბალი ხელფასის გადახდა კი მარტივია. ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის საფუძველზე იქმნება ფიქცია, არის აბსოლუტური სისულელე",- აცხადებს ქეთი ქვარცხავა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.