LIVE

IDFI: შემოსავლების სამსახურმა 71 სანქცირებული ტვირთი გააბრუნა

08 ნოე 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
IDFI: შემოსავლების სამსახურმა 71 სანქცირებული ტვირთი გააბრუნა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან 7 თვეში საქართველოს გავლით რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით 204 ტვირთის გადაზიდვის შემთხვევა აღიკვეთა. მათგან 71 ტვირთი კი შემოსავლების სამსახურმა უკან სანქციების გამო გააბრუნა.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ომის დაწყებიდან დაახლოებით 2 თვის მანძილზე, საქართველოში საბაჟო კონტროლის დროს რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით სანქცირებული ტვირთის გადაადგილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

IDFI-ს ინფორმაციით, 2022 წლის 29 ივლისს საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებული სანქცირებული ტვირთი - დრონები.

„ცალკეული შემთხვევებით, რომელიც დაკავშირებულია დრონების და სხვა მსგავსი პროდუქციის რუსეთში გადატანის მცდელობასთან, დასტურდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ასეთი ტვირთების გადაზიდვის ინტერესი, რაც ზრდის შესაბამის რისკებს. კერძოდ, მსგავსი პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში მოხვედრა, საქართველოს მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს. აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ შესაბამისმა უწყებებმა, როგორც მინიმუმ, უნდა უზრუნველყონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულების შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა“, - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

კვლევიდან აღსანიშნავია შემდეგი მიგნებები:

  • 2022 წლის 25 თებერვლიდან 10 აგვისტომდე, შემოსავლების სამსახურმა სულ გამოწერა 204 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რითაც უკან გაბრუნდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთები;
  • სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, სანქცირებული ტვირთის (ან სანქცირებული პირის ტვირთი) გამომგზავნი ქვეყანა ყველაზე ხშირად იყო თურქეთი (39%) და სომხეთი (35%);
  • 204 აღრიცხვის ბარათიდან 50-ზე საქონლის კოდი მითითებული არ იყო, ხოლო საქონელი, რომ სანქცირებულია სიტყვიერად მითითებული ჰქონდათ 71 შემთხვევაში;
  • სააღრიცხვო ბარათების დამუშავებით მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად (56 შემთხვევა) უკან გაბრუნდა სეს-ის 84-ე ჯგუფს (დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები) მიკუთვნებული საქონელი. მათ შორის, იყო სანქცირებული ტვირთი თბოგადამცემები, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციისთვის;
  • ყველაზე ხშირად უკან გაბრუნებულ ტვირთს შორის აგრეთვე იყო სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები (ჯგუფი 87). ამის მიუხედავად, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 9 თვეში რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 268%-ით გაიზარდა.

„ცალკეული პასუხისმგებელი უწყებები არ ასაჯაროებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მაგალითად, საზღაო ტრანსპორტის სააგენტომ საერთოდ არ გასცა სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურმა, საბაჟო საიდუმლოების მოტივით, სრულად დაფარა იმპორტიორის და ექსპორტიორის (იურიდიული პირების შემთხვევაშიც) შესახებ ინფორმაცია, ეროვნულმა ბანკმა ასევე კონფიდენციალურად მიიჩნია ფინანსურ ინსტიტუტებში გამოვლენილი საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებთან შეუსაბამობები“, - აღნიშნულია კვლევაში.

IDFI-ს განცხადებით, კვლევის ფარგლებში, სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით ანალიზი წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურიდან მნიშვნელოვანი მონაცემების დაფარვით მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით.