გლობალურად სურსათის ნაწილი ზედიზედ მერვე თვეა იაფდება - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განახლებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში სურსათზე მსოფლიო ფასების ინდექსმა 135.9 ქულა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტის პიკურ პერიოდთან შედარებით სურსათის ფასების ინდექსი 14.9%-ით შემცირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 2%-ით მეტია. განახლებული მონაცემების მიხედვით, მარცვლეულის გარდა ფასები თითქმის ყველა სახის პირველადი მოხმარების პროდუქტებზეა შემცირებული. მათ შორისაა მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტები, ხორცი და შაქარი. უფრო ზუსტად:
FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა ოქტომბერში 152,3 ქულა შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია სექტემბრის მონაცემებთან შედარებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 11,1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ფასები გაზრდილია მარცვლეულის ყველა ძირითად სახეობაზე, მათ შორისაა ხორბალი, რომელიც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო, 3.2%-ით გაძვირდა. ხოლო, სიმინდის მსოფლიო ფასების ზრდა 4.3%-ია. ამ უკანასკნელის გაძვირება დაკავშირებულია აშშ-სა და ევროკავშირში წარმოების დაბალ პერსპექტივასთან. უმნიშვნელოდ (0,3%), მაგრამ მაინც გაზრდილია ქერის საერთაშორისო ფასიც.
FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა ოქტომბერში 152.3 ქულა შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 1,6%-იანი, ხოლო წლიურ ჭრილში თითქმის 20%-იანი კლებაა. ინდექსის მუდმივი ვარდნა განპირობებულია პალმის, სოიოს და რაფსის ზეთებზე მსოფლიო ფასების შემცირებით, რამაც მზესუმზირის ზეთის კვოტირების ზრდა დააკომპენსირა.
FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა ოქტომბერში საშუალოდ 140,1 ქულა შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელს 1,7%-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ რძის პროდუქტები ზედიზედ მეოთხე თვეა რაც იაფდება, თუმცა წლიურ ჭრილში ფასები მაინც 15,4%-ით მეტია. ოქტომბერში ფასები შემცირდა რძის ყველა პროდუქტზე და აღნიშნული დაკავშირებულია ჩინეთის მიერ მოსალოდნელზე დაბალ შესყიდვასთან, ასევე სპონტანური კონტრაქტების სუსტ მოთხოვნასთან.
FAO-ს ხორცის ფასების ინდექსმა ოქტომბერში საშუალოდ 118,4 ქულა შეადგინა, რაც 1,4%-ით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. რძის პროდუქტების მსგავსად ხორცი ზედიზედ მეოთხე თვეა იაფდება, თუმცა წლიურ ჭრილში ფასების 5,8%-იანი მატება მაინც ფიქსირდება. გასულ თვეში კი გაიაფდა ყველა სახის ხორცპროდუქტი, მათ შორის მაგალითად ცხვრის ხორცის საერთაშორისო ფასმა ყველაზე მკვეთრი ვარდნა აჩვენა, რაც განპირობებული იყო სეზონურად მზარდი მიწოდებით. ამასთან, გლობალური იმპორტის სუსტი შესყიდვის გამო მნიშვნელოვნად გაიაფდა ღორის ხორციც. ზედიზედ მეოთხე თვეა იაფდება ფრინველის ხორციც, რადგან ექსპორტის ხელმისაწვდომობამ დაქვეითებულ გლობალურ მოთხოვნას გადააჭარბა.
FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ოქტომბერში საშუალოდ 109 ქულა შეადგინა, რაც 0,7%-ით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 8,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ოქტომბერში შაქრის გაიაფების მთავარი მიზეზი 2022/23 წლების სეზონისთვის გლობალური მიწოდების პოზიტიური მოლოდინებია. ამას გარდა, ფასების ვარდნას ხელი შეუწყო გლობალური იმპორტის უფრო ძლიერმა მოთხოვნამ, განსაკუთრებით ინდონეზიიდან და ჩინეთიდან.