LIVE

იმერული ხაჭაპურის მომზადება წლიურად 28.6%-ით გაძვირდა - ISET

08 ნოე 202213:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
იმერული ხაჭაპურის მომზადება წლიურად 28.6%-ით გაძვირდა - ISET

2022 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა და საშუალო ფასმა 6.57 ლარი შეადგინა. ISET-ის მონაცემებით, ხაჭაპურის მომზადების ფასმა წლიურად 28.6%-ით მოიმატა, სექტემბერთან შედარებით კი ზრდამ 2.6% შეადგინა.

ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, ბათუმში ხაჭაპურის მომზადების ფასი 6.18 ლარი იყო, თელავში კი - 7.49 ლარი. 

„წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები საქართველოს ყველა ქალაქში გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა (37.2%) ქუთაისში გვაქვს, რომელსაც მოსდევს თელავი (35.9%) და თბილისი (23%). ყველაზე მცირე, თუმცა მაინც მკვეთრი, ზრდა დაფიქსირდა ბათუმში (19.1%).

აღსანიშნავია, რომ თვის ჭრილში იმერული ხაჭაპურის ფასების ყველაზე დიდი ზრდა (9.4%) კახეთის, საქართველოს მთავარი ღვინის მწარმოებელი რეგიონის, დედაქალაქ თელავში დაფიქსირდა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ შემოდგომა განსაკუთრებული პერიოდია საქართველოში, მით უფრო კახეთში, რადგან ის რთველთან ასოცირდება. კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. როგორც ჩანს, ადგილობრივმა ტურისტებმა შავი ზღვის სანაპიროდან კახეთისკენ გადაინაცვლეს, რამაც მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასებიც გაზარდა“, - აცხადებენ ISET-ში.

კვლევის თანახმად, რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტების - ყველისა და რძის, თვიური ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება. მეტიც, შესაძლოა, მოიმატოს ხორბლის ფასებმაც, რადგან რუსეთმა კვლავ გაზარდა ხორბლის ექსპორტის გადასახადი.