LIVE

საქართველო შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის განვითარებისთვის შეთანხმებას შეუერთდა

07 ნოე 202215:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 777
საქართველო შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის განვითარებისთვის შეთანხმებას შეუერთდა

საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და ბულგარეთის ასოციაციებმა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency ავრცელებს. 

კომპანია "უსასრულო ენერგიის" დამფუძნებელი, თორნიკე ბახტურიძე, რომელმაც დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან მოაწერა, ამბობს, რომ საქართველო ქარის ენერგიის განვითარებით ევროპას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა ამ მიმართულებით პოტენციალი არსებობს, რომლის ათვისებაც ბაზრის ამოქმედებით და შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმებითაა შესაძლებელი.

მისი თქმით, თანამშრომლობა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის პოტენციალის ერთობლივი ძალებით კვლევასა და განვითარებას ისახავს მიზნად. რეგიონში ოფშორული ქარის ენერგიის პოტენციალი ნაწილობრივ შეფასებულია მხოლოდ "მსოფლიო ბანკის" მიერ და სრულყოფილი მონაცემების მისაღებად, პირველ რიგში, ერთობლივი კვლევა იგეგმება.

როგორც თორნიკე ბახტურიძემ "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, ინიციატივის განხორციელების ვადები ცნობილი დაახლოებით წელიწად-ნახევარში გახდება. 

"რეგიონული თანამშრომლობა საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველაზე პატარა ქვეყანა ვართ შავი ზღვის აუზში და შესაბამისად, ჩვენთვის სხვა ქვეყნებთან ინტეგრაცია უფრო სარგებლიანია", - ამბობს ბახტურიძე. 

ინიციატივა ჯერჯერობით კერძო ასოციაციებს ეკუთვნით. სამთავრობო დონეზე თანამშრომლობა კი შემდეგ ეტაპზე იგეგმება.