აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის განახლებული ანგარიშის თანახმად, საცხოვრებელი სახლების ფასების ზრდამ და ასევე, საპროცენტო განაკვეთების მატებამ, იმ ადამიანების წილი, რომლებიც სახლს პირველად ყიდულობენ ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა.
უფრო ზუსტად, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პირველად, 2022 წლის ივნისში სახლს პირველად მომხმარებლების 26% ყიდულობდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 34% იყო. აღსანიშნავია, რომ ესაა ყველა დროის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 41 წლის განმავლობაში. არადა, მანამდე პირველი სახლის მყიდველების წილი საშუალოდ 30%-დან 40%-მდე იყო.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სახლის პირველად მყიდველთა საშუალო ასაკი 33 წლიდან 36 წლამდე, განმეორებითი მყიდველების საშუალო ასაკი კი 56 წლიდან 59 წლამდე გაიზარდა. ეს ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უძრავი ქონების ბაზარზე შეცვლილ ტენდენციებს აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაცია ბინების გაძვირებით, იპოთეკური სესხების განაკვეთების ზრდით და შემოსავლების კლებით ხსნის. პირველი სახლის მყიდველი შინამეურნეობის მედიანური შემოსავალი გასული წლის 86,500 აშშ დოლარიდან 71,000 დოლარამდე შემცირდა.