LIVE

უძრავი ქონების ასოციაცია მთავრობას: აღდგეს საპოლიციო გამოსახლების წესი

04 ნოე 202214:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 533
უძრავი ქონების ასოციაცია მთავრობას: აღდგეს საპოლიციო გამოსახლების წესი

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მიმართავს. ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს.

როგორც ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაშია აღნიშნული, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გააქტიურებულმა მიგრაციამ, უძრავი ქონების მესაკუთრეებს პრობლემები შეუქმნა. მათი თქმით, გაიზარდა შემთხვევები, როდესაც უცხოელები ბინებს ქირაობენ და შემდეგ საფასურს აღარ იხდიან.

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ქონების მესაკუთრეების უფლებების დასაცავად, დაუყოვნებლივ მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებები საპოლიციო გამოსახლების წესის აღსადგენად, რათა დაცული იყოს მესაკუთრე კონსტიტუციით აღიარებულ უფლებაში და ხელშეშლის გარეშე განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას", - ნათქვამია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მიმართვაში.

საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენას "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" იურისტი, ნიკა ნანუაშვილიც ითხოვს, რომელიც აცხადებს, რომ არსებული კანონი მხოლოდ მობინადრეთა ინტერესებზეა მორგებული.

ცნობისთვის, საპოლიციო გამოსახლების წესის შესახებ კანონი 2015 წელს გაუქმდა, რათა მომხდარიყო იპოთეკარების ინტერესების დაცვა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკებს აღარ შესძლებოდათ პოლიციის ძალით მათი ბინებიდან გამოსახლება. შესაბამისად, თუ მანამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეეძლო პოლიციისთვის მიემართა, ამ ნორმის გაუქმების შემდეგ, მესაკუთრეს იმავე შედეგის მისაღწევად სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება.