LIVE

Freedom House: საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ხარისხი გამოწვევად რჩება

07 ნოე 202211:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
Freedom House: საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ხარისხი გამოწვევად რჩება

Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მუშაობაც მოხვდა.

ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მუშაობა ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა გაუმჭვირვალობისა და ნაკლებ ობიექტურობის გამო. აქ კი მაგალითად მოჰყავთ კომუნიკაციების კომისიისა და "ნექსოლ ჰოლდინგის" დავა კავკასუს ონლაინის ფლობასა და მარეგულირებლის მხრიდან სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე.

კითხვაზე, თუ რა აბრკოლებს ინტერნეტზე წვდომას ქვეყანაში, აღნიშნულია, რომ ქალაქებსა და სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა კვლავ უთანასწოროა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ინფრასტრუქტურა დედაქალაქიდან მოშორებულ რეგიონებში არ არის განვითარებული, რაც გავლენას ახდენს კავშირების ხარისხზე. ხელის შემშლელ ფაქტორად ასევე სახელდება რთული ბიუროკრატიული მოთხოვნები სამშენებლო სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად.

ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი დღემდე არ არის მიღწეული. თანაც, დაბრკოლებას წარმოადგენს ისიც, რომ ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია ოპერირებს, რაც მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვნებას ზღუდავს. სატელეკომუნიკაციო კომპანიების წილი ბაზარზე ასე ნაწილდება: სილქნეტი - 36%, მაგთიკომი -34% და ბილაინი - 30%.

ამასთან, ანგარიშში საუბარია ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების ლიდერების, სასულიერო პირების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლებიც გასულ წელს გავრცელდა და აღნიშნულია, რომ ეს მთავრობის მიერ თვალთვალის მასშტაბებზე მიუთითებს.

Freedom House-ის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი ერთი ქულით გაუმჯობესდა და 78 შეადგინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინტერნეტის სრულად ხელმისაწვდომობა და ხარისხი კვლავ გამოწვევად რჩება.