აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის, მადლიერების დღის აღსანიშნად ემზადებიან. მისი აღნიშვნა კი წელს გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე აქამდე.
კერძოდ, როგორ ბაზრის კვლევის ცნობილი ორგანიზაცია IRI პროგნოზირებს, მადლიერების დღის ვახშამი ამერიკელებს გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 13.5%-ით მეტი დაუჯდებათ.
აღსანიშნავია, რომ შეფასება მოიცავს კონკრეტულ აუცილებელ პროდუქტებს, ინდაურს და ხორცპროდუქტებს, სასმელებს და პოპულარულ გარნირებს. ამ ყველაფრის ფასი კი დაჩქარებული ინფლაციის ფონზე გაზრდილია.
შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, სექტემბრამდე პერიოდში, სეზონური ცვლილების გათვალისწინების გარეშე, სასურსათო პროდუქტების ფასები გაიზარდა 13%-ით. IRI-ის სექტემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა დაახლოებით 38% ელის, რომ მადლიერების დღის აღნიშვნისთვის უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე შარშან. თუმცა ამის მიუხედავად, საკვების შემცირებას ან ეკონომიის გაკეთებას არ გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ მზარდი ფასების პარალელურად ისეთმა ცნობილმა საცალო მოვაჭრეებმა, როგორიცაა Aldi და Lidl დააანონსეს, რომ პროდუქციას გარკვეული სახის ფასდაკლებით გაყიდიან. მაგალითად, Lidl-ის განცხადებით, სანამ ჯერ კიდევ მარაგებია, ტიპური მადლიერების კალათა, რაც მოიცავს გაყინულ ინდაურს, ახალ მოცვს, ტკბილ კარტოფილსა და სხვა პროდუქტებს, $30-ზე ნაკლებად გაიყიდება.
აშშ-ში საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა სექტემბერში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. წლიური საბაზო ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგიის ცვალებად ფასს გამორიცხავს, სექტემბერში 6.6%-მდე გაიზარდა, რაც 1982 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.