LIVE

მაღალმთიან რეგიონებში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემაა

07 ნოე 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
მაღალმთიან რეგიონებში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემაა

მაღალმთიან რეგიონებში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია სოფლები დატოვოს და საკუთარი მცირე სამეწარმეო საქმიანობაც შეაჩეროს. 

როგორც ჯანდაცვის ექსპერტი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 2016 წლიდან მთის განვითარების სამთავრობო გეგმა აქვს, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებასაც მოიცავს, ხშირია შემთხვევები, როცა სიცოცხლის გადარჩენა რთულდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ რეანომობილმა დაიგვიანა.

"ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ რაჭაში მომხდარი ფაქტი, როცა 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა სწორედ რეანომობილის დაგვიანებისა და მისი ტექნიკური გაუმართაობის გამო. ჩვენ გვყავს რეგიონები, რომლებიც ზამთარში ხანდახან 3-4 თვით სრულად იკეტება და ამ შემთხვევაში არამარტო მანქანა, არამედ გადაუდებელი სამსახურის ვერტმფრენიც კი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა, სანამ ზოგადად ამ ამ ნაწილამდე მივალთ, უნდა ითქვას, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან. პირველ რიგში, ესაა მართვის არაორგანიზებულობა, კადრების არაკვალიფიციურობა. ბიუჯეტის 35% იხარჯება ისე, რომ ადამიანები სერვისებს მაინც ვერ ღებულობენ და ჯიბიდან უზარმაზარი თანხის გადახდაც უწევთ", - განმარტავს სერგო ჯაფარიძე. 

ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი სახელმწიფო სამედიცინო მანქანა ემსახურება მაღალმთიან რეგიონებს, არ არსებობს. ფლანგვის დეტექტორის მიერ 2020 წელს ჩატარებული მოკვლევის მიხედვით კი, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან რეანომობილი მხოლოდ 25-ს ჰყავდა. ამის შემდეგ, მართალია რამდენიმე მუნიციპალიტეტს გადაეცა ახალი მანქანები, თუმცა როგორც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ერთეულზე. მათივე თქმით, ისეთი რეანომობილის შეძენა, რომელიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ამავე დროს გათვლილია უშუალოდ რთულ ან მიუსვლელ გზებზე, საშუალოდ 180 ათასი ლარი ჯდება და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, წესით, ამ პრობლემის მოგვარება მთავრობას არ უნდა გაუჭირდეს. 

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის და ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტის, ვატო სურგულაძის შეფასებით, მაღალმთიან რეგიონში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრას პირველ რიგში, შესაბამისი პოლიტიკური ნება სჭირდება. 

"მედიცინაში არსებობს ასეთი ცნობილი გამონათქვამი, "პირველი ოქროს საათი". ანუ, ცუდად ყოფნის პირველ საათებში ადამიანს თუ დახმარებას გაუწევ, სიცოცხლის გადარჩენის შანსი 80%-ით იზრდება. გამართული რეანომობილი ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს სრულად აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატით, თუ საჭიროა ხელოვნური თირკმელიც და ა.შ. ცხადია, ამ ავტომობილში უნდა ისხდნენ ნასწავლი და გამოცდილი ექიმები, არა სტუდენტები ან რეზიდენტები. ანუ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რაც არასდროს არ მოგვარდება თუ არ იქნება შესაბამისი ნება", - აღნიშნავს ვატო სურგულაძე.