აგარის შაქრის ქარხნის დროებით გაჩერების შედეგად, საბითუმო ბაზარზე შაქრის დეფიციტია.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია განმარტავს, რომ ქსელურ სუპერმარკეტებს შაქარი ჩვეულ რეჟიმში, თუმცა ლიმიტირებული რაოდენობით მიეწოდებათ.
„ამ პერიოდის განმავლობაში შეძლება გარკვეული დეფიციტი შეინიშნებოდა საბითუმო ბაზარზე, მაგრამ საცალო-სავაჭრო ქსელებს უპრობლემოდ აწვდიდნენ სადისტრიბუციო კომპანიები. ამ ეტაპზე საბითუმო ბაზარს არ აწვდიან პროდუქტს, რომ მათი მხრიდან ხელოვნურად არ მოხდეს დეფიციტის შექმნა და ფასების ზრდა. სუპერმარკეტებს ლიმიტირებულად მიეწოდება ის რაოდენობა, რომ პანიკა თუ შეიქმნება არ მოხდეს ამის კიდევ უფრო მეტად გაღვივება“,- განაცხადა ივა ჭყონიამ "ბიზნეს ფორმულასთან".
დისტრიბუტორები და საცალო ვაჭრობის ქსელები შაქარზე დეფიციტს არ ელიან, თუმცა საეჭვოა რამდენად შენარჩუნდება შაქარზე დღეს არსებული ფასი.
აგარის შაქრის ქარხანა დროებით არ მუშაობს. როგორც "ბიზნეს ფორმულას" კომპანიაში განუცხადეს, 16 სექტემბერს შაქრის ქარხანაში ნედლეულის საწყობს ხანძარი გაუჩნდა, რის გამოც შაქრის წარმოება და მიწოდება ახლაც შეჩერებულია. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ საწარმოო პროცესის განახლების შემდგომ, ანუ 1-ელი ნოემბრიდან, ფასი უცვლელი დარჩება.