LIVE

ლიფტით სარგებლობის შეზღუდვა, განათების შემცირება - როგორ ებრძვის მოლდოვა ენერგოკრიზისს

29 ოქტ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 349
ლიფტით სარგებლობის შეზღუდვა, განათების შემცირება - როგორ ებრძვის მოლდოვა ენერგოკრიზისს

მოლდოვის რესპუბლიკა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე რთული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. შესაბამისად, ხელისუფლება იძულებული გახდა, ენერგიის დასაზოგად შესაბამისი ზომები მიეღო.

როგორც მოლდოვური მედია წერს, მოსახლეობას ელექტროენერგიის გათიშვის საშიშროების გამო ურჩევენ, არ ისარგებლონ ლიფტით 7:00-11:00 და 18:00-23:00 საათებში. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების კომისიის განკარგულებით, მოქალაქეებს ურჩევენ, დილის საათებში არ ისარგებლონ ლიფტით, შენობებში ტემპერატურა შეამცირონ, შეიზღუდოს ესკალატორების მუშაობა და შემცირდეს სახლების განათება.

მედიის ინფორმაციით, შენობებში სამუშაო საათებში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე, არასამუშაო საათებში კი 15 გრადუსამდე უნდა შემცირდეს. ამასთან, შენობების შიდა განათება 30%-ით უნდა შემცირდეს, შადრევნები გაითიშოს, დეკორაციებისა და სარეკლამო აბრების განათება გაითიშოს. 

მთავრობის რეკომენდაციაა, გარე განათება დღის საათებში გაითიშოს. ამავე პერიოდში კრიპტოაქტივების მოპოვება და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტი იკრძალება.

"მოლდოვის რესპუბლიკა თავის ისტორიაში ყველაზე რთული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. თუ როგორ გადავლახავთ მომავალ ზამთარს, ჩვენზეა დამოკიდებული", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.