2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები საქართველოში 4.4%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები გაიზარდა 5.3%-ით. საერთო ჯამში სასტუმროების ფასების ინდექსი გასულ თვეში 2%-ით შემცირდა. მიმოხილვა PMCG Research-მა გამოაქვეყნა.
წლიურ ჭრილში, ანუ გასული წლის იანვართან შედარებით, კლება 19.2%-ია. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 18.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები - 20.7%-ით.
მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 118 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 188 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი ამავე თვეში 72 ლარი იყო.
რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, ამ ტიპის სასტუმროებში საშუალო ფასი იანვარში 324 ლარი იყო. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული 2-ადგილიანი ნომერი საშუალოდ 420 ლარი ღირს, თბილისში - 417 ლარი, გურიაში - 404 ლარი, ხოლო კახეთში - 315 ლარი.