LIVE

Zara მომხმარებლებს ნივთების გაყიდვისა და შეკეთების სერვისს შესთავაზებს

23 ოქტ 202217:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 602
Zara მომხმარებლებს ნივთების გაყიდვისა და შეკეთების სერვისს შესთავაზებს

ესპანური ბრენდი Zara აცხადებს, რომ ბრიტანელი მომხმარებლებისთვის მეორადი ტანსაცმლის გაყიდვის, შეკეთების ან ჩუქების სერვისს ამატებს.

ახალი პლატფორმა 3 ნოემბერს ამოქმედდება და ის ხელმისაწვდომი იქნება Zara-ს მაღაზიების, კომპანიის ვებსაიტის და მობილური აპლიკაციის საშუალებით. პლატფორმაზე განთავსებული იქნება როგორც გამყიდველის მიერ მიწოდებული რეალური ფოტოები, ასევე, პროდუქტზე კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Inditex მოდის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში Zara-ც შედის, მომხმარებელს პროდუქტის ხელახლა გაყიდვას სთავაზობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებას და ნედლეულის ათვისებას.

Zara-ს არ დაუზუსტებია გასცდება თუ არა სერვისი დიდი ბრიტანეთის ბაზარს.

Zara-მდე ნივთების გადაყიდვის პლატფორმა მომხმარებლებს H&M-მა შესთავაზა. 

Future Market Insights-ის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მეორადი ტანსაცმლის გლობალური ბაზარი 2022 წელს $71,2 მილიარდად ფასდება. ანალიტიკოსები მომდევნო ათი წელიწადში ბაზრის წლიურ 14.8%-იან ზრდას ელიან.