აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის განახლებული მონაცემებით, სექტემბერში საცხოვრებელი სახლების გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.8%-ით, ხოლო წინა თვესთან მიმართებით 1.5%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ზედიზედ მერვე თვეა რაც გაყიდვების მაჩვენებელი იკლებს, 2007 წლის შემდეგ კი ეს უძრავი ქონების ბაზრის ყველაზე ხანგრძლივი ვარდნაა.
აშშ-ში საცხოვრებელი ფართების (ოჯახური თუ ქალაქური სახლები; ამხანაგობები თუ კოოპერატივები) გაყიდვების შემცირების მიზეზად რამდენიმე მიზეზი სახელდება: ქვეყანაში რეკორდულად დაჩქარებული ინფლაციის ფონზე გაიზარდა იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთიც, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ მომხმარებლები საფინანსო ვალდებულებების აღებისგან თავს იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და სხვა განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მკვეთრად მზარდია. უკრაინაში ომისა და მისგან გამოწვეული უცხოელი მიგრანტების მზარდი ნაკადის ფონზე, ქვეყანაში ბინების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასები ყოველთვიურად იმატებს.
"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, 2022 წელს გასაყიდი უძრავი ქონება რაოდენობრივად და გასაყიდი უძრავი ქონების ფასი 27%-27%-ით, გასაქირავებლის ფასი კი 79%-ით გაიზარდა. ამასთან, ადგილობრივი საინვესტიციო კომპანია პროგნოზირებს, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიგრაციის ეფექტი უარყოფით ასახვას 2024 წლიდან დაიწყებს. თუ გასაქირავებელ ფასზე 66% მიმდინარე წელს მიგრანტების ეფექტი იყო, 2023 წელს მხოლოდ 11%, 2024 წელს კი 17% იქნება.