LIVE

PMCG: მთის კურორტებისთვის პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნება რთული იქნება

16 თებ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1152
PMCG: მთის კურორტებისთვის პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნება რთული იქნება

ვიდრე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გუდაურში აქციას მართავენ და მთის კურორტების გახსნას ითხოვენ, PMCG Research-მა შეაფასა ის დანაკარგები, რაც მთის კურორტებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიიღეს. 

PMCG Research-ის მიმოხილვის თანახმად, იმის გამო, რომ 2020-2021 წლების ზამთრის სეზონი პრაქტიკულად გაუქმდა ქვეყანაში არახელსაყრელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, გადამწყვეტი, მაგრამ ამავდროულად უკიდურესად რთული იქნება, სექტორმა მოახერხოს და დაუბრუნდეს პანდემიამდელ მაჩვენებლებს.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2014-2015 წლის ზამთრის სეზონიდან 2018-2019 წლების ზამთრის სეზონამდე, საქართველოს სათხილამურო ტრასებზე მყოფი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 21%-ით იზრდებოდა. 2019-2020 წლებში, ხანმოკლე სათხილამურო სეზონის გამო (სეზონში სათხილამურო დღეების რაოდენობა 25%-ით შემცირდა), რაც ძირითადად გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული უარყოფითი მოლოდინებით, ვიზიტორთა რაოდენობა, წინა სეზონთან შედარებით, 20%-ით შემცირდა.

ანალოგიური ტენდენციაა საბაგიროს ბილეთების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობაშიც თითო სათხილამურო დღეზე. 2014-2015 წლიდან 2018-2019 წლების ჩათვლით, თითო სათხილამურო დღეზე მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 33%-ით იზრდებოდა, ხოლო 2019-2020 წლების სეზონზე მოკრძალებული, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, 2021 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი ქვეყანაში წლიურად 94.5%-ით შემცირდა. მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 93.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 91.9%-ით იკლო.