LIVE

G&T: ეკონომიკის ზრდა და ლარის გამყარება ტურიზმის აღდგენაზეა დამოკიდებული

16 თებ 202113:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
G&T: ეკონომიკის ზრდა და ლარის გამყარება ტურიზმის აღდგენაზეა დამოკიდებული

Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი აღდგენას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ამ შემთხვევაში ქვეყანა დაახლოებით $1.2 მლრდ შემოსავალს მიღებს (2019 წლის დონის 36%) და მოსალოდნელია, რომ ლარიც გამყარდება.

ამავდროულად, ზრდის წარმმართველი იქნება ფისკალური სტიმული, საბანკო დაკრედიტება და ფულადი გზავნილები. 

თუმცა, ალტერნატიულ, პესიმისტურ სცენარში, თუ ტურიზმის სექტორი არ აღდგება, ეკონომიკური ზრდა იქნება მხოლოდ 3.6% და საჭირო გახდება დამატებითი ფისკალური სტიმული. 

აღსანიშნავია, რომ არც ერთი ამ სცენარებიდან არ ითვალისწინებს ეკონომიკის შემდგომ ჩაკეტვას, შესაბამისად თუ ეკონომიკური აქტივობა დროულად არ აღდგება ან შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება - მათი რეალობად ქცევის შანსები იკლებს. 

ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში, საინვესტიციო ბანკი ლარის გამყარებას ელის 3.15-3.2 ნიშნულზე პესიმისტურ სცენარში კი ლარის კურსი 3.3-3.4 ფარგლებშია მოსალოდნელი. საერთო ჯამში, მხოლოდ შარშან ლარი დოლართან მიმართებაში 14.3%-ით გაუფასურდა.

2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია მოსალოდნელია 4.5%-ის დონეზე; პესიმისტურ სცენარში ფასების დონის 5-6%-იან ზრდაა ნავარაუდევი.