LIVE

WEEE - წელს 5 მილიარდი ტელეფონი გადაიყრება

23 ოქტ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 672
WEEE - წელს 5 მილიარდი ტელეფონი გადაიყრება

მიმდინარე წელს 5,3 მილიარდი მობილური ტელეფონი გადაიყრება - ასეთია ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების (WEEE) ფორუმის განახლებული მონაცემები. შეფასებაში აღნიშნულია, რომ "ელექტრონული ნარჩენების" ეს რაოდენობა მზარდ ეკოლოგიურ პრობლემაზე მიანიშნებს. 

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ ბევრი ადამიანი ძველ ტელეფონებს ისევ ინახავს. არადა მათი გადამუშავების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ისეთი ძვირფასი მინერალების მოპოვება, როგორიცაა მაგალითად სპილენძი ან კობალტი. 

როგორც ფორუმის გენერალური დირექტორი, პასკალ ლეროი აღნიშნავს დღეს ადამიანების უმეტესობა ნაკლებად ან საერთოდ არ აცნობიერებს, რომ ყველა ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთს დიდი ღირებულება აქვს და საერთო ჯამში, გლობალურ დონეზე უზარმაზარ მოცულობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დაახლოებით 16 მილიარდი მობილური ტელეფონია. აქედან, მაგალითად ევროპაში მათი თითქმის მესამედი აღარ გამოიყენება.

ცნობისთვის, 2022 წელს ქიმიის სამეფო საზოგადოებამ ახალი კამპანია წამოიწყო. პროექტის მიზანია, ელექტრონული ნარჩენების მოპოვების გაზრდა ახალი პროდუქტების წარმოებისთვის. WEEE-ის ფორუმიც სწორედ  მსგავსი პროდუქტების გადამუშავებით მსოფლიოში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიის განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორის, საუბარია ძველი ნარჩენების ისეთ ტექნოლოგიებში გამოყენებაზე, როგორიცაა ქარის ტურბინები, ელექტრო მანქანის ბატარეები ან მზის პანელები. რაც თავის მხრივ, მსოფლიო მასშტაბით, ნახშირბადის შემცირებაზეც დადებითად აისახება. 

ცნობილია, რომ მსოფლიოში ელექტრონული ნარჩენების მხოლოდ 17%-ზე ოდნავ მეტი გადამუშავდება სათანადოდ. ხოლო, გაეროს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიზანია ეს მაჩვენებელი მომავალი წლისთვის 30%-მდე გაზარდოს.