საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით, მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. Galt & Taggart-მა მკაცრი შეზღუდვების მიერ ეკონომიკისთვის მიყენებული დღიური ზარალი გამოიანგარიშა. კომპანიის მონაცემებით, ლოქდაუნის გამო საქართველო დღეში საშუალოდ 16 მლნ ლარს კარგავს. მხოლოდ ლოქდაუნის გამო გასულ წელს საქართველოს ეკონომიკამ ჯამში 1 მილიარდი ლარი დაკარგა, მიღმა 6.1%-იანი შემცირებისა.
„ლოქდაუნის“ პერიოდებში მკვეთრად შემცირდა ხელფასები და დაქირავებით დასაქმებაც.
მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების მიუხედავად, რაც ძირითადად დონორებისგან ნასესხები ფულით, ანუ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე ფინანსდება, მთავრობა არც ეკონომიკის გახსნას ჩქარობს და არც ვაქცინაციის დაწყებას. მაშინ, როცა ეს პროცესი მსოფლიოს 75 ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, დაწყებულია.
2020 წლის პირველ 9 თვეში ქვეყანაში 24%-ით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ლოქდაუნი და შეზღუდვები ყველაზე მძიმედ აისახა ტურიზმის სექტორზე, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის მეხუთედი მოდის. სავალუტო შემოდინებების შემცირების შედეგად გასულ წელს ლარი დოლართან 14,3%-ით გაუფასურდა.