LIVE

Intel-ი ათასობით თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას გეგმავს 

16 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 467
Intel-ი ათასობით თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას გეგმავს 

უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტი Intel-ი თვის ბოლოს კადრების შემცირებას განიხილავს. როგორც Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, საუბარია ათასობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებაზე, რაც კომპანიის გაზრდილი ხარჯებითაა გამოწვეული.

გლობალურად კომპიუტერების ბაზრის შემცირების ფონზე, Intel-ს ხარჯები მკვეთრად გაეზარდა. 27 ოქტომბერს კი კომპანიის შემოსავლების მორიგი ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს და სავარაუდოდ, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული რამდენით და როგორ შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა.

ივლისის მონაცემებით, ჩიპების მსხვილ მწარმოებელს მსოფლიოს მასშტაბით 114 ათასამდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. წინასწარი პროგნოზებით, უახლოეს კვირებში, კადრების დაახლოებით 20%-ით შემცირებაა დაგეგმილი. ამ მოლოდინს ამყარებს ის ფაქტიც, რომ კომპანიის წინასწარი პროგნოზით, 2022 წლის ჯამური გაყიდვები 11%-ით შემცირდება. ამასთან, საერთაშორისო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიის 2023 წლის მესამე კვარტლის შემოსავლები დაახლოებით 15%-იან კლებას აჩვენებს.

კერძოდ, Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის მანდიპ სინგმის თქმით, კომპანიის მხრიდან კადრების უახლესი შემცირება სავარაუდოდ მიზნად ისახავს Intel-ის ფიქსირებული ხარჯების შემცირებას, დაახლოებით 10%-დან 15%-მდე. მისივე შეფასებით, ეს ხარჯები მინიმუმ 25-დან 30 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკივნეული ნაბიჯი კომპანიამ ბოლოს 2016 წელს გადადგა, როცა 12 ათასი სამუშაო ადგილი შეამცირა და თანამშრომლების 11% გაათავისუფლა.

უნდა ითქვას ისიც, რომ აშშ-ს დაძაბულობამ ჩინეთთან, ბუნდოვანი გახადა ზოგადად ჩიპების ინდუსტრიის მომავალი. ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ პარასკევს გამოაცხადა ახალი შეზღუდვები, რაც მოიცავს აკრძალვებს ხელოვნურ ინტელექტსა და სუპერკომპიუტერში გამოყენებული ზოგიერთი ტიპის ჩიპების ექსპორტზე და ასევე აწესებს უფრო მკაცრ წესებს ჩინური კომპანიებისთვის ნახევარგამტარული აღჭურვილობის მიყიდვის შესახებ. სიახლემ გამოიწვია ჩიპების მწარმოებლების აქციები ხელახლა დაცემა. იმ დღეს Intel-ის აქციები 5.4%-ით შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მარკ გიურმანი და დები ვუუ