LIVE

NATO თავდაცვის ხარჯების ზრდაზე მსჯელობას იწყებს

16 თებ 202112:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 369
NATO თავდაცვის ხარჯების ზრდაზე მსჯელობას იწყებს
Martin Bertrand/Pool

ევროპელი მოკავშირეები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმით ხვდებიან. 

„ჩინეთი და რუსეთი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ავტორიტარული უგულვებელყოფით გამოირჩევიან“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო-ს შემდეგი სამიტი ჯო ბაიდენის მონაწილეობით „ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალი გვერდის დაწყებითსვის უნიკალური შესაძლებლობა იქნება“.

სტოლტენბერგმა ეს კომენტარი ალიანსის თავდაცვის მინისტრების ვირტუალური შეხვედრის წინ გააკეთა, რომელიც 17-18 თებერვალს გაიმართება და რომელშიც აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პირველად მიიღებს მონაწილეობას.

”იმედი გვაქვს, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებზე“ - ნათქვამია ალიანსის ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა.

ალიანსი ვაშინგტონსა და პეკინს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის პოლიტიკის მიმართ შეშფოთებას გამოხატავს. ჩინეთის მიმართ ნატო-ს სტრატეგიული ინტერესი იზრდება და ეს დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც ჩანს, სადაც ხაზგასმულია ჩინეთიდან მომდინარე გეოპოლიტიკური საფრთხეები და რეკომენდაცია, ნატო-მ გაზარდოს ძალისხმევა უსაფრთხოების ახალი გამოწვევების პასუხად. ამ მიმართულებით ანგარიშში მთავარი აქცენტი ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაკეთდა. 

ნატო-ს ყურადღების ჩინეთისკენ მიმართვა ახალია ალიანსისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის აგრესიისგან ევროპის დასაცავად შეიქმნა. ჩინეთი ალიანსის ყურადღების ქვეშ განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც პეკინმა მზარდი ინტერესის გამოვლენა დაიწყო ბალკანეთის ქყვეყნების მიმართ, სადაც აქამდე რუსეთი დომინირებდა. 

მომდევნო დღეებში თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე ნატო მომავალი ათწლეულის სტრატეგიაზე იმსჯელებს, მათ შორის შეხვედრის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი „ძირითადი შემაკავებელი და თავდაცვითი ღონისძიებების“ დაფინანსება იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ალიანსის წევრი ქვეყნებისგან თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს მინიმუმ 2%-მდე გაზრდას დიდი ხანია ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ერთსულოვანი იქნება ბლოკი სტრატეგიის შემუშავების დროს. გერმანიას აშფოთებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩინეთის მიერ შეიძლება მტრულად იყოს აღქმული და წლებია ეწინააღმდეგება თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. საფრანგეთი კი, რომელიც ევროკავშირში წამყვანი სამხედრო ძალაა Brexit-ის შემდეგ, ევროკავშირს მოუწოდებს, განახორციელოს საკუთარი სტრატეგიული ინტერესები შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვიქტორია დენდრინო და ნიკოს ქრიზოლორასი