ISET-ის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურად 38%-ით გაიზარდა და ხაჭაპურის ფასმა 6.30 ლარი შეადგინა.
კვლევის თანახმად, ხაჭაპურის ინდექსის წლიურ ინფლაციაში წვლილი ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტმა შეიტანა, კერძოდ:
- ყველი - ფასის წლიური ზრდა 41,9%;
- ფქვილი - 25.2%;
- კარაქი - 20.6%;
- კვერცხი - 19.7%;
- რძე - 17.1%;
- საფუარი - 16.9%.
ფასების მატება მაღალი იყო იმპორტირებულ (კარაქზე) პროდუქტებზე, ასევე იმ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაშიც იმპორტირებული შუალედური პროდუქტები (ფქვილი და რძე) გამოიყენება.
ISET-ის შეფასებით, სურსათის გლობალურ და, შესაბამისად, ადგილობრივ ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას რუსეთ-უკრაინის ომი ახდენს.
„სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, რომელიც საქონლის უფრო ყოვლისმომცველ კალათას ეყრდნობა, წლიურმა ინფლაციამ საკვების ფასებზე 17.6% შეადგინა. სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ რძის, ყველისა და კვერცხის კატეგორიაში ფასები 23,6%-ით, ხოლო პურის და მარცვლეულის კატეგორიაში 32,8%-ით გაიზარდა.
სურსათის გლობალურ და, შესაბამისად, ადგილობრივ ფასებზე დიდ გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი. ზოგიერთი მარცვლეულის გლობალური ფასები ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, რადგან ორივე ქვეყანა მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორია. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მარცვლეულის ფასები 11,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება რძის ფასებს, FAO-ს ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, წლიურ ჭრილში, რძის ინდექსი 20,7%-ით გაიზარდა. გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა შესაბამისად აისახება ადგილობრივ ბაზრებზეც“, - აცხადებენ ISET-ში.
მათივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფასებზე ზედიზედ მეხუთედ დაფიქსირდა კლება, საქართველოში ჯერჯერობით ფასები იზრდება. ISET-ში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში არსებული ფასები საბოლოოდ უნდა აისახოს ადგილობრივ ბაზრებზე და შესაბამისად, ფასები შემცირდეს.