LIVE

კითხვებზე პასუხებს უახლოეს მომავალში გავცემ - სანდრო ონოფრიშვილი

07 ოქტ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 691
კითხვებზე პასუხებს უახლოეს მომავალში გავცემ - სანდრო ონოფრიშვილი

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ყოფილი ხელმძღვანელი, სანდრო ონოფრიშვილი, რომელმაც ხელფასი თავის დროზე 4600 ლარით გაიზარდა და ახლა სსიპ-ის დირექტორია, კითხვებზე პასუხს თავს არიდებს. 

ონოფრიშვილი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი "კურორტების განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელია და როგორც სააგენტოს საქმიანობაზე, ასევე "მთის კურორტების კომპანიაში" მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე "ბიზნეს ფორმულას" ინტერვიუზე უარს ეუბნება.

აღსანიშნავია, რომ ონოფრიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში "მთის კურორტების კომპანიაში" გამოვლენილ დარღვევებს პროკურატურა სწავლობსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, სანდრო ონოფრიშვილმა 2016-2018 წლებში ანაზღაურება საკუთარი ბრძანებით, უსაფუძვლოდ გაიზარდა. კერძოდ, "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება აღნიშნულ წლებში 2900 ლარი იყო, სანდრო ონოფრიშვილმა კი საკუთარი ნებით ხელფასი 7500 ლარამდე მოიმატა.

გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიაში პრემიები დაუსაბუთებლად გაიცემოდა. ანგარიშში უნებართვო სამუშაოებზეც არის საუბარი. მაგალითად, კომპანიამ 2018-2019 წლებში 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158 მილიონ 702 ათას 266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა ისე, რომ წინასწარი ნებართვა არ აუღია. 

"პასუხებს უახლოეს მომავალში გაგცემთ",- განუცხადა სანდრო ონოფრიშვილმა "ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, გაეცა თუ არა ბრალდებებს პასუხები.

თავის მხრივ, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, საკითხზე კითხვები აღარ არსებობს.

"სანდროს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს უშუალოდ კურორტების მართვის კუთხით. მას შესაძლებლობა ჰქონდა, წვლილი შეეტანა მთის კურორტების განვითარებაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ კარგი ხედვები აქვს. რადგან ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბატონი სანდრო ამ თანამდებობაზე დაენიშნა, ესე იგი, კითხვები ამოწურულია",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, "კურორტების განვითარების სააგენტოს" დირექტორად სანდრო ონოფრიშვილი 2022 წლის ივლისში დაინიშნა. როგორც ის ირწმუნება, კურორტების განვითარების გეგმას 10 დღეში წარადგენს.

სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობის, ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლისა და შესაბამისი გენგეგმების მომზადების, ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად 2022 წელს შეიქმნა.